საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში მიმდინარე წლის 12 მარტს, დილის საათებში შევიდა შეტყობინება, რომ გომისმთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი გადაადგილებას ვერ ახერხებდა.
მაშველების ათკაციანი ჯგუფი დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე. მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამაშველო ოპერაცია გართულდა, თუმცა მოქალაქეების მოძიება რამდენიმესაათიანი ინტენსიური ღონისძიებების შედეგად მოხერხდა.
ახალგაზრდები გომისმთაზე გუშინ წავიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ისინი ოზურგეთის სოფლების ბოხვაურისა და დვაბზუს მცხოვრებლები არიან. ამ სოფლებიდან გომისმთამდე დაახლოებით 30 კილომეტრია. ახალგაზრდები ვახტანგის საცივთან იყვნენ ჩარჩენილები.
გზების დეპარტამენტს ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის ბჟუჟჰესი-გომისმთას მონაკვეთი 18 ნოემბრიდან ოფიციალურად დაკეტილი აქვს. ზამთარში ამ გზაზე მოძრაობა აკრძალულია.