weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

21 მარტს ნოვრუზის სახალხო დღესასწაულზე კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვენ

20:47 პარასკევი, 12 მარტი 2021
ფოტოზე - სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა ფოტოზე - სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა

საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანული თემი 21 მარტს, როდესაც ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული აღინიშნება, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვს. შესაბამისი განცხადებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უკვე მიმართეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ მოსახლეობის ფართო მასებში ეპიდვითარებასთან დაკავშირებული შეზღუდვები სრულფასოვნად დაცული იყოს.

„ამასთანავე, შედარებით შემცირებული დადასტურებული შემთხვევების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია მხოლოდ ერთი დღით, 21 მარტს გაუქმდეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა (კომენდანტის საათი) და მოსახლეობამ სტრესის, დაძაბულობის და დაჯარიმების შიშის გარეშე შეიქმნას ნოვრუზის სადღესასწაულო განწყობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვენ მთელი საქართველოს მასშტაბით და არა მხოლოდ ქვემო ქართლში ან მხოლოდ აზერბაიჯანელი თემისთვის.

„ჩვენთვის ეს დღესასწაული (და არც საქართველოს აზერბაიჯანელი თემი) კონკრეტული რეგიონით ან ვიწრო ეთნიკური ხაზებით არ არის შემოფარგლული. ჩვენ ამ დღესასწაულს ჩვენს ქართველ, სომეხ, მუსლიმ ქართველ, ქისტ, იეზიდ და სხვა მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ.

ნოვრუზის რიტუალების ძირითადი ნაწილი, როგორიცაა კოცონის დანთება, ბაირამის მილოცვა და ბაირამის სუფრაზე დასწრება, ბავშვების მიერ ტკბილეულისთვის მეზობლების კართან ქუდის დაგდება, პოზიტიური ამბების გაზიარება და მოსმენა, ნაჩხუბრების შერიგება, წითელი კვერცხებით შეჯიბრი და ა.შ. საღამოს საათებში სრულდება, ხოლო საღამოს 9 საათისთვის დაწესებული გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა აღნიშნული რიტუალების სრულფასოვნად ჩატარებაში გვიშლის ხელს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ იმასაც, რომ გასულ წელს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღება სწორედ ნოვრუზის დღეს დაემთხვა, რის გამოც აზერბაიჯანულმა თემმა დღესასწაულთან დაკავშირებული რიტუალები სრულფასოვნად ვერ შეასრულა.

განცხადებას ხელს აწერენ: პლატფორმა სალამი, სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი, აქტუალ მედია, ახალი აზროვნების ინსტიტუტი, სოლიდარობის ცენტრი, ვახტანგისის, ქვემო სარალის, კასუმლოს და ალგეთის სათემო ცენტრები, ასევე, სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა.

2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნoვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. ამავე წელს ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.

საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემი ნოვრუზის დღესასწაულის უქმე დღედ გამოცხადებისთვის ადვოკატირების კამპანიებს აწარმოებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]