weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

საპატრიარქომ განსაზღვრა, როგორ დაბრუნდნენ „ბიბლიური თავისუფლების“ წევრები ეკლესიაში

23:23 შაბათი, 13 მარტი 2021

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, თუ „გირჩის“ მიერ შექმნილი „ბიბლიური თავისუფლების“ ყოფილ წევრებს სურთ „მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნება“, ეკლესიის ნებისმიერ მღვდელმსახურს უნდა მიმართონ.

როგორც საპატრიარქო აცხადებს, მღვდელმსახური ვალდებულია, აღნიშნულ პირებს გაესაუბროს და განუმარტოს ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი საკითხები.

„მას შემდეგ, რაც მღვდელი დარწმუნდება ასეთი პირის გულწრფელ სინანულში, მის სახელზე უნდა გასცეს რეკომენდაცია ეპისკოპოსთან წარსადგენად; რომელმაც ე.წ. „სინანულის ფურცელზე“ მას ხელმოწერით უნდა დაადასტურებინოს საკუთარი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ წაუკითხოს შენდობის ლოცვა და მის სახელზე ინდივიდუალურად გასცეს ე.წ. „შენდობის ფურცელი“ პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით.

აღნიშნული პროცედურის შემდეგ ასეთი პირი კვლავ ჩაითვლება მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად“, – აცხადებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო და სინანულისა და შენდობის ფურცლების ნიმუშებს ავრცელებს.

„სინანულის ფურცელი (განცხადება)

„მე, (სახელი, გვარი), რომელიც გაწევრიანებული ვიყავი პოლიტიკურ ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილ „საქართველოს ქრისტიანულ, ევანგელისტურ, პროტესტანტულ ეკლესია - ბიბლიურ თავისუფლებაში“ სასულიერო პირის სტატუსით, მსურს კვლავ დავუბრუნდე საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წიაღს. ვაცნობიერებ რა ჩემს დანაშაულს, გამოვთქვამ სინანულს ჩემი ქმედებების გამო და ვითხოვ შენდობას.

შენდობის ფურცელი

შენდობის ფურცელი ეძლევა (სახელი, გვარი) ნიშნად იმისა, რომ დატოვა რა პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილი „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“, რომელშიც გაწევრიანებული იყო სასულიერო პირის სტატუსით, და გამოხატა რა სინანული თავისი ქმედებების გამო, ნებაყოფლობით დაუბრუნდა საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წიაღს“.

წმინდა სინოდის ბოლო განჩინების მიხედვით, „ბიბლიური თავისუფლების“ მსგავს რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანება და „სასულიერო პირად“ გახდომა არის ნებაყოფლობითი დატოვება მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღისა, თუნდაც, რომ ეს მათ მიერ მიჩნეულ იქნეს ფორმალურ ქმედებად.

„საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში „ბიბლიური თავისუფლების“ წევრებს ეკრძალებათ როგორც წმინდა ზიარება, ასევე სხვა საეკლესიო საიდუმლოებებსა თუ მსახურებაში (ნათლობა, ჯვრისწერა, შვიდგზის ზეთისცხება…) მონაწილეობის მიღება, ვიდრე არ შეინანებენ აღნიშნულ ცოდვას, არ გაივლიან შესაბამისი ეპიტიმიის პერიოდს და მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნების პროცედურას. შევნიშნავთ, რომ მონანიების გარეშე, გარდაცვალების შემთხვევაში, მათზე ვერც წესის აგება შესრულდება და მათ სახელებს ღვთისმსახურებისას ეკლესია ვერ მოიხსენიებს, რადგან, ნებსით თუ უნებლიედ, თვითონ განუდგნენ მას“, – ნათქვამია სინოდის განჩინებაში.

„გირჩმა“ რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ 2017 წელს იმ მიზნით დააფუძნა, რომ ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებაში დაეხმაროს. ორგანიზაცია წვევამდელებზე მღვდელმსახურის ცნობას გასცემს, რითიც სამხედრო სამსახურის გადავადებაა შესაძლებელი. 6 თვის ვადით გაცემული ცნობა 50 ლარი ღირს, მაშინ, როცა ერთი წლით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოსაკრებელი 2000 ლარს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]