შატილის მცხოვრებლებმა დახმარებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიმართეს, თუმცა
ხევსურეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა დათვიჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო დაკეტილია. ამინდიც ღრუბლიანია, რის გამოც სამაშველო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენიც ვერ ჩაერთვება.
შატილის სკოლა-პანსიონში კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 წლის წინ ჩატარდა, სამზარეულო კი ახალი აშენდა. შენობაში სწავლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 2019 წლის 17 ოქტომბერს, ხანძარი გაჩნდა და სკოლა მთლიანად დაიწვა, სამზარეულო გადარჩა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წელს შატილში ხის ახალი სკოლა აშენდა.
ეს შატილის სკოლაში ხანძრის მეოთხე შემთხვევაა. წინა სამივე შემთხვევაში სკოლა მთლიანად დაიწვა, ისევე, როგორც ახლა სამზარეულოს შენობა. შატილის მცხოვრებლების თქმით, სკოლა ხატის ტერიტორიაზეა აშენებული, რაც არ შეიძლება.
ხანძრის წინა შემთხვევაში დადასტურდა, რომ არ ყოფილა ჩატარებული ექსპერტიზა, რაც შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და უსაფრთხოებას შეამოწმებდა. „მთის ამბები“ ცდილობს გაარკვიოს, აღჭურვილი იყო თუ არა სასადილოს შენობა ხანძრის საწინააღმდეგო სისტემით ან ასეთი სერვისი აქვს თუ არა სკოლა-პანსიონის ახალ შენობას, სადაც ბავშვები არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ მთელი კვირის განმავლობაში ცხოვრობენ კიდეც.
მარგარეტ დაიაურის ვიდეომასალა