weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნინოწმინდაში ბავშვებს კომპიუტერს კომპიუტერების გარეშე ასწავლიან

22:43 ორშაბათი, 15 მარტი 2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილმა ააიპ სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებამ, 2018-2019 წლებში ბიუჯეტიდან 112 ათასი ლარი მიიღო. ორგანიზაციას სხვადასხვა მიმართულებით ბავშვების უნარ-ჩვევები უნდა განევითარებინა. ფუნქციონირებს კომპიუტერისა და კულინარიის შემსწავლელი წრეები, ოღონდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შემოწმების შედეგად აღმოაჩინა, რომ ააიპ-ს არ გააჩნია კომპიუტერები და კულინარიის შესწავლისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა - სამზარეულოს ინვენტარის სახით.

„აღნიშნული წრეების სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია შესაბამისი ინვენტარი, რასაც სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულება არ ფლობს. კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა ა(ა)იპ-ის ფუნქციონირების ადგილი. გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ-ს არ გააჩნია კომპიუტერები და კულინარიის შესწავლისათვის აუცილებელი სამზარეულოს ინვენტარი. ამ წრეების შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ დაასაბუთეს რამდენად ეფექტიანია სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულების მიერ ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაო, დახარჯულ ფინანსურ რესურსთან მიმართებით“, - ნათქვამია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიშში. შემოწმების დოკუმენტზე დაყრდნობით პირველად ინფორმაცია „სამხრეთის კარიბჭემ“ გაავრცელა.

ამ საკითხზე „რეგინფო“ განმარტების მიღებას ცდილობდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიიდან. მერმა ანივარდ მოსოიანმა და მისმა პირველმა მოადგილემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

აუდიტმა დარღვევები გამოავლინა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის მუშაობაშიც. კერძოდ, მუნიციპალიტეტმა არ ჩაატარა ბაზრის კვლევა და

261.6 ათასი ლარის საწვავი გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შეუსაბამოდ, გაზრდილი ღირებულებით, შეისყიდა შპს „მეეკისგან“. ეს კომპანია ენზელ მკოიანის ოჯახის წევრებს ეკუთვნით. ენზელ მკოიანი 20 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო.

იგი ოთხჯერ ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატად აირჩიეს, ორჯერ საინიციატივო ჯგუფის, ხოლო 2008-2016 წლებში ორჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენით, მეხუთედ კი ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნებიდან“.

ანგარიშის თანახმად, მერიის წარმომადგენლებმა აუდიტის სამსახურს განუმარტეს, რომ საწვავის შესაძენად ყველაზე დაბალი ფასი 2018-2019 წლებში წარადგინა შპს „მეეკმა“, რომელთანაც ყოველთვიურად ფორმდებოდა საწვავის შესყიდვის ხელშეკრულება ტალონური სისტემით.

აუდიტის დასკვნით, მაგალითად შპს „ვისოლ ჯგუფის“ მიერ სხვა მუნიციპალიტეტისათვის დაფიქსირებული ფასები უმრავლეს შემთხვევაში ნაკლებია ნინოწმინდის მერიის მიერ შპს „მეეკისათვის“ გადახდილ ფასზე. 2019 წლის თებერვალში შპს „ვისოლ ჯგუფმა“ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტს ერთი ლიტრი პრემიუმის ხარისხის ბენზინი შესთავაზა 2.23 ლარად. ამავე თვეში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა საწვავი შპს „მეეკისგან“ შეისყიდა 2.40 ლარად; 2019 წლის მაისში შპს „ვისოლ ჯგუფის“ ერთი ლიტრი პრემიუმის ხარისხის ბენზინის ფასი იყო 2.16 ლარი. მუნიციპალიტეტმა შპს „მეეკს“ გადაუხადა 2.35 ლარი.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ტალონური სისტემისგან განსხვავებით, საბარათე სისტემის გამოყენებით საწვავის ჩასხმისას მინიმუმამდეა დაყვანილი არამიზნობრივი ხარჯვა (არასამსახურებრივი დანიშნულებით ან არაავტორიზებულ ავტომანქანებში გამოყენება და სხვა) და შესაბამისად, კონტროლის ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს.

2018-2019 წლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა ტალონური სისტემით 42.7 ტონა საწვავი მთლიანად აითვისა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, ენზელ მკოიანის შვილების, ძმისა და ბიძის სამ კომპანიასთან ჯავახეთში საწვავის შესყიდვაზე 674 სახელმწიფო შესყიდვა გაფორმდა, მათ შორის 665 პირდაპირი წესით. კომპანიებმა 2010-2019 წლებში ბიუჯეტიდან 2 312 278 ლარი მიიღეს. თავად ენზელ მკოიანიც მაჟორიტარული ბიუროსთვის საწვავს მხოლოდ ოჯახის კომპანიიდან ყიდულობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]