weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიტიკოსები ჩვენი ტრიბუნით თბილისშიც ვერ ისარგებლებენ - გოლეთიანი

17:00 სამშაბათი, 16 მარტი 2021
ფოტო - სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის ფოტო - სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, სპეკულაციაა სახელისუფლებო წრეების მიერ გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის თბილისში გამართვით, მოძრაობა ოპოზიციური პარტიების პროტესტს უერთდება.

„გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, როცა აღვნიშნეთ, რომ  გადავინაცვლებთ თბილისში და იქ გავმართავთ პარლამენტთან აქციას. ჩვენი პროტესტის ადგილი არის ნამოხვანი და ეს დარჩება პროტესტის ძირითად ადგილად, ვიდრე კომპანია „ენკა" არ დატოვებს რიონის ხეობას. როცა ამხელა დემონსტრაცია იმართება, ნამოხვანში ვერ ჩატარდება ფიზიკურად, ქუთაისშიც უკვე ორჯერ ჩატარდა, ამიტომ, ახლა, თუკი მთავრობა არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, მივუახლოვდებით მას და იქვე დავაყენებთ გაცილებით მძიმე მოთხოვნებს.

რადგან პარლამენტი ვახსენეთ და ყველამ ვიცით, რომ იქ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ პროტესტი, გაჩნდა მოსაზრება, რომ თითქოს ვუერთდებით მათ. არავის ვუერთდებით. ვინც თვალს გვადევნებს, ყველამ კარგად იცის ჩვენი დამოკიდებულება პოლიტიკურ პარტიებთან.  ჩვენს აქციებში არ იღებენ მონაწილეობას პოლიტიკოსები, ისინი ჩვენი ტრიბუნით ვერ სარგებლობენ. ამდენი ათასი ადამიანი იყო და ერთი პარტიული დროშაც არ ყოფილა აწეული. ამ პროცესს ვაკონტროლებთ და მომავალშიც გავაკონტროლებთ.

თუკი თბილისში ჩატარდება ჩვენი აქცია, არც იქ შევუერთდებით ვინმეს. ის სპეკულაციები, ძირითადად სახელისუფლებო წრეები ავრცელებენ ამ აზრებს მოსახლეობაში, რომ ჩვენ ოპოზიციის წისქვილზე ვასხამთ წყალს, რაც არ უნდა ასე ეგონოთ, რომ ვინმეს წისქვილზე ვასხამთ წყალს, ამ მნიშვნელოვან პროცესებს ვერ შევწირავთ იმას, რომ ვიღაცას სადღაც აქცია აქვს გამართული და ჩვენ შემთხვევით ვიღაცის წისქვილზე წყალი არ დავასხათ. ჩვენ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვაკეთებთ.

არავისთან ვასოცირდებით, დამოუკიდებლად ადგილსაც მოვძებნით თბილისში, სადაც არავისთან კავშირში არ ვიქნებით და დიდ დემონსტრაციას ჩავატარებთ“, - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

რაც შეეხება 14 მარტს, ქუთაისში გამართულ მრავალათასიან აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს ეკონომიკის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, ვარლამ გოლეთიანის განმარტებით, მინისტრს გამოეხმაურნენ იმ თვალსაზრისით, რომ მისგან შეურაცხყოფილები და მოტყუებულები არიან.

„აქციამდე 2 დღით ადრე, პირდაპირ გაიპარა შეხვედრიდან, რომლის დღის წესრიგიც წინასწარ იყო გაწერილი. ამას მოჰყვა ის, რომ ჩვენ დავაყენეთ მისი პასუხისმგებლობის საკითხი, რომ გადადგეს თანამდებობიდან. ეს საკმარისიც არ არის, მას სხვა ტიპის პასუხისმგებლობაც უნდა დაეკისროს, რადგან დანაშაულებრივი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

არსებითად პროცესი თვითონ პოლიტიკურია და როცა მინისტრი ან ხელისუფლება არ ისმენს ამდენი ადამიანის ნებას, ჩვენს გვიწევს, რომ ამ ტიპის განცხადებები გაკეთდეს. არავის არაფერზე ვებოდიშებით. ვინც დამნაშავეა ამ საქმეში, უნდა დაისაჯოს, ვინც გადასაყენებელია, უნდა გადადგეს. ჩვენ აქ იმ მიზნით რომ არ ვდგავართ, თავიდანვე მთავრობის გადადგომა მოგვეთხოვა, ეს ყველამ კარგად იცის და პირიქით, მოვუწოდებთ მთავრობას, ნუ შეიყვანს ამ პროცესებს ჩიხურ მდგომარეობაში, რომ დამძიმდეს ჩვენი მოთხოვნები და უფრო მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენოთ შემდეგ აქციებზე.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები მთლიანად შეჩერებულია. "იმედია, ეყოფათ გონიერება, რომ კომპანია სამუშაოებს არ განაახლებს და თუ მაინც განაახლა, მას კანონის ფარგლებში შევუზღუდავთ ამ პროცესს. ამისთვის საკმარისი ხალხი ვართ ნამოხვანში და კიდევ და კიდევ გვემატებიან“, - აღნიშნავს ვარლამ გოლეთიანი.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ითხოვს უარი ითქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, კომპანია „ენკამ“ დატოვოს რიონის ხეობა, მთავრობის მიერ ერთი წლის წინ თურქული კომპანიისთვის გადაცემული მიწები დაუბრუნდეს სახელმწიფოს; გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]