ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბორელს ჰკითხეს, შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად რამდენად ეფექტური იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, რასაც ოპოზიცია ითხოვს.
„ჩემი გადასაწყვეტი არ არის, უნდა ჩატარდეს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები, თუმცა, ეუთოს შეფასებით, ეს არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი“, – განაცხადა ბორელმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმავე პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.
„გაცხადებულია, რომ 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ეუთო/ოდირმა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს არჩევნები აღიარეს როგორც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება 2024 წელს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რის გამოც ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რასაც ოპოზიცია მოლაპარაკებების დროს აყენებს. ოპოზიციური პარტიებიდან დეპუტატებად არჩეულმა პირთა უმრავლესობამ მანდატებზე უარი თქვა.