გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ქალს გულის უკმარისობა ჰქონდა და ენგურის ხიდი ამიტომ გადაკვეთა, საქართველოს ხელისუფლებამ კი ის საავადმყოფოში მკურნალობის ნაცვლად, საკარანტინო სასტუმროში მოათავსა, სადაც გარდაიცვალა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ ქალს პირველი სამედიცინო კვლევის შედეგად სერიოზული პრობლემა არ აღენიშნებოდა.
„ოკუპირებული ტერიტორიიდან სამედიცინო ტრანსპორტის მიერ გადმოყვანილი შუახნის ქალისთვის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ე.წ. გადასასვლელ პუნქტთან გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. პაციენტს ადგილზევე ჩაუტარდა ელექტროკარდიოგრაფია, მოხდა მისი სასიცოცხლო პარამეტრების განსაზღვრა და მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ, ჰოსპიტალიზაცია საჭიროდ არ ჩაითვალა, ვინაიდან არ იკვეთებოდა რაიმე სახის ჩივილი. ქალბატონი, დადგენილი წესით, საკარანტინო სივრცეში მოთავსდა.
საკარანტინო სივრცე სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობას ითვალისწინებს. პაციენტის მოთავსებიდან რამდენიმე საათში ექიმმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა და ადგილზე მისულ ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ, 11 თებერვალს გაიხსნა. ოკუპირებული რეგიონებიდან გადმომსვლელთათვის ხუთდღიანი კარანტინის გავლაა სავალდებულო. ისინი საკარანტინო სივრცეს PCR ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ტოვებენ.