weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამინისტრომ ყაზბეგში „კამარა ჰესის“ პროექტზე სკოპინგის დასკვნა არ გასცა

21:33 ოთხშაბათი, 17 მარტი 2021
ფოტო © გოგა ჩანადირი, Mtisambebi.ge ფოტო © გოგა ჩანადირი, Mtisambebi.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგის ხეობაში 23.556 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის - „კამარა ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით სკოპინგის დასკვნა არ გასცა. სამინისტროს განცხადების მიხედვით, მშენებლობა-ექსპლუატაციის სკოპინგის ანგარიში, რომელიც შპს „კამარა ენერჯიმ“ 29 იანვარს წარადგინა, სათანადოდ დასაბუთებული არ არის და მრავალ ხარვეზს შეიცავს. ანგარიში შპს „დაბლიუიჯი ენვი კონსალტინგის“ მიერ არის მომზადებული.

„პროექტის წარმოდგენილი სახითა და სკოპინგის ანგარიშში მითითებული მონაცემების მიხედვით განხორციელების შემთხვევაში, ძალიან დიდი ალბათობით მნიშვნელოვანი ზემოქმედებაა მოსალოდნელი ბიომრავალფეროვნებაზე, უნიკალურ კომპლექსებზე და ბუნებრივ ლანდშაფტზე.

საჭიროდ მიგვაჩნია საქმიანობის განმახორციელებელმა წარმოადგინოს პროექტის შეცვლილი ვარიანტი და/ან სათანადო მრავალპროფილურ კვლევებზე დაყრდნობით მომზადებული და მყარად დასაბუთებული ინფორმაცია, არგუმენტები ბიომრავალფეროვნებასა და ბუნებრივ ეკოლოგიურ კომპლექსებზე მოსალოდნელი ზემოქმედების ხარისხის, მათი შერბილების, თავიდან აცილების და საკომპენსაციო ქმედებების ღონისძიებების თაობაზე“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს შეფასებით, სკოპინგის ანგარიშში არ არის მოცემული და დაზუსტებას საჭიროებს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ჰესის შემადგენელი ობიექტების მშენებლობით გამოწვეული ზემოქმედების შეფასება ბიოლოგიურ გარემოზე, მათ შორის, გვირაბის ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების და წყალშემკრები რეზერვუარის მშენებლობით გამოწვეული ზემოქმედება; ინფორმაცია მესამე საგუბარის ადგილმდებარეობის შესახებ და წყალსაცავის პარამეტრების, მათ შორის მოცულობის, სარკის ზედაპირის ფართობის, დასატბორი ტერიტორიისა და მისი ფართობის შესახებ.

სამინისტროს განცხადებით, სკოპინგის ანგარიშში უნდა იყოს შესაბამისი დასაბუთება, რამდენად უზრუნველყოფს განსაზღვრული ეკოლოგიური ხარჯი მდინარის ბუნებრივი და ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნებას. ამასთან, დაზუსტებას საჭიროებს ინფორმაცია, საპროექტო მონაკვეთში, მდინარეში დარჩენილი წყლის საკმარისობის შესახებ, წყლის ბიომრავალფეროვნების არსებობის თვალსაზრისით, რაც შეფასებული უნდა იყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის მიერ.

სამინისტროს განმარტებით, თერგის შენაკადის, მდინარე ტერხენას მძლავრი ღვარცოფული ხასიათის და მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ზემოქმედების გათვალისწინებით, დაზუსტებას საჭიროებს კონკრეტული სახის პრევენციული ღონისძიებების, მათ შორის დამცავი ნაგებობების შესახებ ინფორმაცია. ასევე, წარდგენილი უნდა იქნას ტერხენას ჰიდროლოგიური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია.

სამინისტროს განცხადებით, განხილული უნდა იყოს კლიმატის ცვლილების შესაძლო გავლენა პროექტზე და დასაბუთებას საჭიროებს სკოპინგის ანგარიშში მოყვანილი დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საპროექტო ტერიტორია ზვავების საფრთხისგან დაცულია.

სამშენებლო ბანაკების მოსაწყობად შერჩეულია სოფელ ყანობის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რთული გეოდინამიკურ პირობებია. გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, დასაზუსტებელია უსაფრთხოების საკითხები და საჭიროა, ბანაკებისთვის შერჩეული სამშენებლო მოედნების ადგილმონაცვლეობის, სხვა ალტერნატიული მდებარეობის განხილვა.

დასაზუსტებელია ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე „კამარა ჰესის“ პროექტის ზემოქმედების საკითხიც. სამინისტროს განცხადებით, სკოპინგის ანგარიშში ნახსენები არ არის საპროექტო დერეფნის სიახლოვეს არსებული არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ობიექტი.

„რიგ ადგილებში - ყანობი, ფხელშე, გორისციხე, ტყარშეთი, გაიბოტენი, ფანშეთი - სამშენებლო, საბანაკე და სანაყარო ტერიტორიები ექცევა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ინდივიდუალური დამცავი ზონის ვიზუალური დაცვის არეალებში და მათზე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის სავარაუდო ზეგავლენა საჭიროებს სათანადო შეფასებას. აღნიშნული უბნების ნაწილში პროექტი უნდა შეთანხმდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან“, – აღნიშნავს უწყება.

გარემოს დაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ჰესის მშენებლობისთვის დაგეგმილი სამუშაოები ძალიან დიდი ალბათობით, გამოიწვევს სოფელ ტყარშეტთან არსებული ისტორიულ-კულტურული ძეგლის - ლავური ღვარისა და ნამარხი ტყის დაზიანება/განადგურებას.

„ლავური ღვარი და ნამარხი ტყე შეტანილია „საქართველოს წითელი წიგნის“ არაორგანული ბუნების ძეგლთა სიაში. „წითელი წიგნის“ მიხედვით, მყინვარწვერის ვულკანური კერის ერთ-ერთი უახლესი ამონთხევით გაჩნდა ტყარშეთის ლავური ღვარი, რომელიც ჩამოყვა მდინარე თერგის მარცხენა შენაკადს და შეაგუბა თერგი. აღნიშნულ ადგილას განამარხებულია ტყე, რომლის ღეროები ეკუთვნის ვერხვს, არყს, ღვიას და სხვა მაღალმთის მცენარეებს. პირველად ნამარხი ტყე გამოჩნდა 1968 წელს, თერგის წყალდიდობის დროს. „წითელ წიგნში“ აღნიშნულია, რომ ნამარხი ტყის ნაშთები მკაცრად უნდა იქნას დაცული დიდი სამეცნიერო ღირებულების გამო“, – აცხადებს სამინისტრო.

სამინისტრო ითხოვს, რომ სკოპინგის ანგარიშში აღწერილი იყოს ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანით მოსალოდნელი ზემოქმედება, ასევე, შეფასდეს „კამარა ჰესის“ მოსალოდნელი გავლენა ტურიზმის სექტორზე და რეგიონის ტურისტულ განვითარებაზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სკოპინგის ანგარიშში კონტექსტიდან ამოვარდნილი, პროექტთან შეუსაბამო შინაარსის წინადადებებია, სხვადასხვა გვერდზე მოცემულია განსხვავებული ინფორმაცია ჰესის შენობის ადგილმდებარეობის შესახებ.

გარემოს დაცვის სამინისტრო კომპანიას სთხოვს, უზრუნველყოს „კამარა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგეთა სათანადო ინფორმირება დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით და შეთანხმების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე დასმულ საკითხებთან დაკავშირებით არგუმენტირებული პასუხები სამინისტროში წარადგინოს.

გარემოს დაცვის სამინისტრო სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებას მას შემდეგ დაიწყებს, თუ კომპანია შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებულ სკოპინგის ანგარიშს წარადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]