weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა 18-მა ევროპულმა ქვეყანამ დროებით შეაჩერა

20:16 ხუთშაბათი, 18 მარტი 2021

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა დროებით შეაჩერეს გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ირლანდიამ, დანიამ, ნორვეგიამ, ნიდერლანდებმა, ბულგარეთმა, შვედეთმა, ლატვიამ, ესპანეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრიამ, ისლანდიამ, კვიპროსმა, პორტუგალიამ, სლოვენიამ და ლუქსემბურგმა. ვაქცინაციის შეჩერების ძირითადი მიზეზი თრომბოემბოლიის შემთხვევები გახდა, რომლებიც ვაქცინირებულ ადამიანებში დაფიქსირდა.

დღესვე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) და ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (ЕМА) განაცხადეს, რომ გამოძიებას იწყებენ, რათა შეისწავლონ „თრომბის უჩვეულო დარღვევების შემთხვევები მას შემდეგ, რაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ადამიანები აიცრნენ“.

ბრიტანულ-შვედურმა კომპანიამ „ასტრაზენეკა“ ბოლო ოფიციალური განცხადება 15 მარტს გაავრცელა, რომლის თანახმად კომპანიამ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მონაცემები განიხილა და დაასკვნა, რომ თრომბის წარმოქმნის გაზრდილი რისკის შესახებ მტკიცებულება არ გამოვლენილა.

„ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილი 17 მილიონზე მეტი ადამიანის უსაფრთხოების შესახებ არსებული მონაცემების ყურადღებით განხილვამ აჩვენა, რომ ფილტვის ემბოლიის, ღრმა ვენების თრომბოზის ან თრომბოციტოპენიის გაზრდილი რისკი არ არსებობს“ - განაცხადეს კომპანიაში.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, 18 მარტისთვის, ევროპაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 5 მილიონი ადამიანია აცრილი.

გერმანიაში, „ასტრაზენეკას“ 1 600 000-ზე მეტი დოზა გაკეთდა და მხოლოდ 7 ვაქცინირებულს გამოუვლინდა თრომბოემბოლია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ უსაფრთხოების მიზნით მხარი დაუჭირა „ასტრაზენეკას“ დროებით შეჩერებას.

იტალიის წამლის სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლა მაგრინის თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ვაქცინაციის შეჩერებასთან დაკავშირებით ქვეყანამ „პოლიტიკური გადაწყვეტილება“ მიიღო „რათა განდევნოს ეჭვები და შემდეგ კვლავ შევუდგებით ვაქცინაციას კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით“.

ავსტრიამ 9 მარტს შეაჩერა „ასტრაზენეკათი“ აცრა, ვაქცინის შესაძლო საშიშროების გამო. 11 მარტს, დანიამაც დროებით აკრძალა „ასტრაზენეკას“ სრული დოზით გამოყენება.

12 მარტს, იტალიამ აკრძალა იმავე ვაქცინით აცრა, სიციალიაში სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შედეგად, რომელიც გულის პრობლემებით დაიღუპა „ასტრაზენეკას“ პირველი დონის მიღებიდან ერთ დღეში.

ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტომ 13 მარტს განაცხადა, რომ ვაქცინის მიღების შემდეგ მოზრდილებში სისხლის სერიოზული შედედების ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის საპასუხოდ შეაჩერეს ვაქცინის გამოყენება. BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „ახლა ვაქცინაციის პაუზა გონივრულია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სწორია, ვერ დავუშვებთ რაიმე ეჭვს ამ პროცესთან დაკავშირებით“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რამდენიმე დღის წინ განმარტავდა, რომ არ არსებობდა იმის ნიშანი, სისხლის შედედების პრობლემები ვაქცინაციის შედეგად წარმოიქმნილიყო. იგივე მოსაზრებას იმეორებდა ევროპის მედიკამენტების სააგენტო (ЕМА), რომელსაც დაწყებული ჰქონდა თრომბების ინციდენტების შესწავლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა სტრატეგიული ჯგუფის დასკვნით, 

კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებიდან „ასტრაზენეკას“ ეფექტურობა 63.09%-ს შეადგენდა, „ფაიზერის“ 95%-ს და „მოდერნას“ 94%-ს. ჩამოთვლილი ვაქცინებიდან ყველაზე ძვირია „მოდერნა“, რომლის თითო დოზის ღირებულება 25$-37$, „ფაიზერი“ 14$-30$ ღირს, ხოლო „ასტრაზენეკა“ ყველაზე იაფია - ევროკავშირმა ვაქცინის თითო დოზაში 2.15$, ხოლო სამხრეთ აფრიკამ 5.25$ გადაიხადა.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000 დოზა საქართველოში შაბათს, 13 მარტს შემოვიდა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის კიდევ 85 ათასი დოზა საქართველოში აპრილის მეორე ნახევარში ჩამოვა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო მეორე, „ფაიზერის“ ვაქცინის 14 500 ადამიანისთვის ასაცრელ დოზებს 22 მარტის კვირაში მიიღებს.

 

უახლესი ინფორმაცია: ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან დღეს, საღამოს გახდა ცნობილი „ასტრაზენეკას“ მიმართ გაკეთებული დასკვნა, რის საფუძველზეც ის აღიარებულია უსაფრთხო ვაქცინად. 

 

ამ თემაზე:

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება - სამინისტრო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]