weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოკუპირებულ ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაიცვალა

11:25 პარასკევი, 19 მარტი 2021

სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები 88 წლის დათა ვანიშვილი დღეს, დილით გარდაიცვალა. დათა ვანიშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, არ აღიარებდა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას და ღიად აცხადებდა, რომ საქართველოს მოქალაქე იყო.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დათა ვანიშვილის სახლის წინ მავთულხლართები 2013 წელს გაავლეს. მისი სახლი საოკუპაციო ხაზის მიღმა აღმოჩნდა, მიწის ნაკვეთი კი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

წლების განმავლობაში დათა ვანიშვილის მოსანახულებლად და ოკუპაციის შედეგების გასაცნობად საქართველოში ვიზიტით მყოფი სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩადიოდნენ.

დათა ვანიშვილი ხურვალეთში მოხუც მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იანვარში გაუარესდა. საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხუცს ვერ ეხმარებოდნენ. მშობლების მონახულებას ვერც მათი ქალიშვილი, ნანა ვანიშვილი ახერხებდა, რადგან მას არც ქართველი პოლიციელები და არც რუსი სამხედროები ხურვალეთში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

„სიცოცხლე აღარ მინდა. ამ კაცს რამე რომ მოუვიდეს, რა უნდა გავაკეთო, ან როგორ დავმარხო, ან რა ვქნა?“, - ამბობდა დათა ვანიშვილის მეუღლე ვალია ვანიშვილი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში 2021 წლის იანვარში.

ერთადერთი ადამიანი, ვინც მათზე ზრუნვას ახერხებდა, შვილიშვილი, მალხაზ ვანიშვილი-ქურთაევია. ის და მისი მეუღლე თათია ადიკაშვილი რუსმა სამხედროებმა 2020 წლის დეკემბერში დააკავეს. მალხაზი ახალგორში გადაიყვანეს, მისი მეუღლე კი ქართულ მხარეს 17 დეკემბერს გადასცეს. მალხაზს კანონდარღვევად ჩაუთვალეს, რომ მოხუც ბებია ბაბუასთან იმყოფებოდა და მათზე ზრუნავდა. მალხაზ ვანიშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით მანამდეც რამდენჯერმე იყო დაკავებული. 2021 წლის იანვარში მალხაზ ვანიშვილი უკიპირებული რეგიონიდან გამოიქცა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]