weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთი პირი დამნაშავედ ცნო

21:27 პარასკევი, 19 მარტი 2021
ფოტოზე  - გიორგი შაქარაშვილი ფოტოზე - გიორგი შაქარაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 5 სრულწლოვანი დამნაშავედ ცნო. თენგიზ ბარბაქაძეს, ირაკლი მუმლაძეს, ნიკა ჟვანიას და გიგა ტატიაშვილს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხოლო მორაგბე ვასილ მახარაძეს – 9 წლით.

ბარბაქაძეს, მუმლაძესა და ჟვანიას ბრალად ედებოდათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ტატიაშვილს – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასაში მონაწილეობა, ხოლო მახარაძეს – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

პროკურატურის განცხადებით, ვასილ მახარაძე იმ „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილში იმყოფებოდა, რომელიც 19 ივნისს 00:30 საათისთვის თბილისიდან მცხეთის მიმართულებით გაემართა. ხოლო გიგა ტატიაშვილი, თენგიზ ბარბაქაძე, ირაკლი მუმლაძე და რკინის ხელკეტით შეიარაღებული ნიკა ჟვანია „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში ისხდნენ.

პროკურატურის მტკიცებით, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ისინი თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს, გური ამირხანაშვილს და მათთან ერთად მყოფ პირებს.

„მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კ.ღ.-ს, გ.ქ.-სა და ვ.ა.-ს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა და სხვა პირებმა გაქცევით დააღწიეს თავი ძალადობას. ანგარიშსწორება გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი. აღნიშნულის შემდგომ, გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი და ვ.ა. დაბრუნდნენ მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსამრეცხაოსთან და ცდილობდნენ ნაცემი გ.ქ.-ს დახმარებას, ასევე თბილისის მიმართულებით გადაადგილების გაგრძელებას“, – აცხადებს პროკურატურა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ამ დროს გიორგი შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს გზა გადაუჭრა „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანამ, რომელსაც ვასილ მახარაძემ მართავდა. ავტომობილიდან 6 პირი გადმოვიდა, მათ შორის იყო მახარაძეც.  

„დაედევნენ გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ პირებს, რომლებიც ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით, გაიქცნენ ავტობანზე არაგვის ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით. გარკვეული მანძილის გავლის შემდგომ, ვასილ მახარაძე დაბრუნდა ავტომანქანასთან, ხოლო დანარჩენმა თავდამსხმელებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანხმლები პირების დევნა, რაც დასრულდა მდინარე არაგვის ხევში გიორგი შაქარაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორებით და მკვლელობით“, – აცხადებს პროკურატურა.

უწყების ცნობით, ამის შემდეგ ექვსმა პირმა, მათ შორის, ვასილ მახარაძემ, იპოვეს იქვე დამალული გურამ ამირხანაშვილი, რომელიც იძულებით ჩასვეს ავტომობილში, აღუკვეთეს მას თავისუფლება და დატოვეს ტერიტორია.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. ის 18-19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა, რასაც წინ უძღოდა 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება. საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს, მათ შორის 6 არასრულწლოვანი იყო.

10 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, 11 აგვისტოს, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს ბრალი დაუმძიმა და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]