„მედალფას“ დირექტორის, დავით მდინარაძის განმარტებით, ფლაკონში 10 ადამიანისთვის საჭირო დოზაა და თუ ეს რაოდენობა ვერ შეგროვდდება, ფლაკონი არ იხსნება.
„იმდენად ფუფუნებაა ეს ფლაკონი, რომ ვცდილობთ, ზარალი არ იყოს და გადაღვრა არ მოგვიწიოს. ჩაწერილი იყო 13 ადამიანი და 7 არ გამოცხადდა. რატომღაც თავი შეიკავეს“, - ამბობს დავით მდინარაძე.
ჩოხატაურის კლინიკაში 19 მარტისთვის ვაქცინაციაზე დარეგისტირებული 2 მედიკოიდან არცერთი მივიდა, ხოლო ლანჩხუთში, კლინიკის დირექტორის განმარტებით, ვაქცინაციის დღე არ იყო.
„მედალფას“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის კლინიკებში აცხადებენ, რომ ვაქცინაციის პროცესი 19 მარტამდე ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ორშაბათს, 22 მარტს კვლავ გაგრძელდება.
„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს. პირველი სერიოზული გართულება 18 მარტს, ახალციხეში დაფიქსირდა - 27 წლის ექთანს სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკი აცრიდან 25-30 წუთში განუვითარდა და საჭირო გახდა მისი რეანიმაციაში გადაყვანა. ქალი ვაქცინის გაკეთებიდან დაახლოებით 24 საათში, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 15 მარტიდან დღემდე კორონავირუსზე ჯანდაცვის სექტორის 3674 მუშაკი აიცრა. 19 მარტის მონაცემებს თუ შევადარებთ, დღეისთვის ვაქცინირებულთა რაოდენობა მხოლოდ 32-ით არის გაზრდილი.
შვედურ-ბრიტანული კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, ამ ვაქცინით პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იცრებიან. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 31 700 ექიმი და 19 600 ექთანია რეგისტრირებული.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინა ორ ეტაპად კეთდება. სამედიცინო პერსონალის მეორე აცრა, ანუ რევაქცინაცია 8-დან 12 კვირის ფარგლებში უნდა მოხდეს, რისთვისაც ქვეყანაში კიდევ 86 000 დოზა შემოვა.