weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე გადადგა

10:00 სამშაბათი, 23 მარტი 2021

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ თანამდებობა დატოვა. მისი ეს გადაწყვეტილება „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ ეთერებში გასულ მასალებს უკავშირდება.

გადადგომის შესახებ კახაბერ საბანაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:

„მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში მედიაში გასულ სიუჟეტებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ვემსახურებოდი სახელმწიფოს და ვიცავდი კანონს, რომლის ზედმიწევნით აღსრულებაც იყო, არის და იქნება ჩემთვის უპირველესი.

ვფიქრობ, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს სჭირდება შესწავლა, შესაბამისად, უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას! ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ღირსეულ პოლიციელს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიმუშავე. სისტემაში მუშაობენ გმირები, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მინდა წარმატება ვუსურვო მათ სამშობლოს სამსახურში“, – წერს საბანაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ივანე გულაშვილმა ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ განაცხადა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს დავალებებს კახაბერ საბანაძისგან იღებდა. სუს-ის ყოფილი თანამშრომლის განცხადებით, შს მინისტრის მოადგილემ აქციის დარბევის კადრები ამოაღებინა პარლამენტის სარდაფიდან, სადაც სერვერი იწერდა. ივანე გულაშვილი ამბობს, რომ შიდა და გარე კადრები დამტვრეულია და ვერავინ ნახავს, თუ პროკურატურასაც არ აქვს ჩაწერილი. მისივე თქმით, კახა საბანაძე ხელმძღვანელობდა უკანონო მოსმენებს - ის გასცემდა ბრძანებებს, ვის სახლში უნდა დაემონტაჟებინათ სათვალთვალო მოწყობილობა, ვისთვის უნდა ესმინათ და ვისზე შეეგროვებინათ კომპრომატები.

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, მათ წყარომ მიაწოდა ვიდეოჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ საბანაძის კაბინეტში ფარული კამერა იყო დამონტაჟებული და მინისტრის მოადგილის შეხვედრებს ჩუმად იწერდნენ.

კახაბერ საბანაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ 2017 წლის ნოემბრიდან მუშაობდა. 2017 წლის მაისიდან 2017 წლის ნოემბრამდე ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე იყო, ხოლო 2015-2017 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავბედა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]