weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მეწყრული სხეული დღეში 5 სანტიმეტრით გადაადგილდება – თეა გოდოლაძე

21:24 სამშაბათი, 23 მარტი 2021

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, თბილისში, მაჭავარიანის ქუჩასთან განვითარებული მეწყერული სხეული მოძრაობს და მისი სიჩქარე დღეში 5 სანტიმეტრია. ეს პირველადი შედეგია, რომელიც მეცნიერებმა აეროფოტო გადაღების შედეგად მიიღეს.

თეა გოდოლაძემ განმარტა, რომ სეისმური მონიტორინგის ცენტრს არ გააჩნია საჭირო აპარატურის ნაწილი მეწყრის მონიტორინგისთვის, რის გამოც სრული სურათის დანახვას ვერ ახერხებენ.

„ჩანს, რომ მეწყერი მოძრაობს, ის დინამიკაშია მოსული. ეს დგინდება ორი პარამეტრით, მეწყერის სიჩქარისა და აჩქარების დადგენით. შევეცადეთ, რომ სიჩქარე აეროფოტო გადაღებით დაგვედგინა. რაც შეეხება აჩქარებას, ჩვენ არ გვაქვს სპეციალური ხელსაწყო, თუმცა მაინც ვცდით გაზომვას არსებული აპარატურით. აჩქარების პარამეტრი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის გვიჩვენებს, თუ აჩქარდა სხეული, ესე იგი დაიძრა სისტემა, ნელი მოძრაობიდან გადავა ჩამოწოლამდე.

ახლა სისტემა დაძრულია და მოძრაობს ნელა - 5 სანტიმეტრით დღეში. ეს ჩვენთვის საკმაოდ დიდი ციფრია.

აუცილებელია ამაზე ყურადღება გავამახვილოთ და განვიხილოთ არა შესაძლო საფრთხე, არამედ უარესი საფრთხე, უნდა მოვემზადოთ უარესი სცენარებისთვის. პროგნოზი კეთდება მაშინ, როდესაც აჩქარებას ზომავ“, – განაცხადა გოდოლაძემ.

თეა გოდოლაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მაჭავარიანის ქუჩასთან მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები შეჩერდეს.

„ახლა იქ ისეთი მდგომარეობაა, რომ ნებისმიერი ვიბრაცია არის პრობლემა“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, აუცილებელია, მოხდეს მეწყრის ტანის შეფასება, რადგან მასაზეა დამოკიდებული როგორი სცენარი განვითარდება: 

ჟურნალისტის შეკითხვას - რა ტერიტორიას შესაძლოა ემუქრებოდეს საფრთხე, თეა გოდოლაძემ ასე უპასუხა: „ეს უკვე მასაზეა დამოკიდებული. თუ გამოჩნდა, რომ შესაძლებელია, რომ ნახევარ მილიონ კუბურ მეტრზე მეტი წამოვიდეს, მაშინ, არ ვიცი“.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის მეცნიერების პირველადი შეფასებით, ამ დროისთვის ნაპრალების სიღრმე დაახლოებით 18 მეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 18 მეტრამდე ქანები არ არის მყარი.

„ჩავატარეთ გეოფიზიკური კვლევა. პირველადი შედეგებით ეს მეწყრული სხეული არის არა მარტო გამოფიტული, არამედ ძლიერ დაბზარული და განიცდის მოძრაობას ფერდობის მიმართულებით. ეს არის პირველი შედეგი, საჭიროა დამატებითი კომპლექსური კვლევები“, – აღნიშნა გეოფიზიკოსმა დიმიტრი აქუბარდიამ.

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა დღეს განაცხადა, რომ დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, მეწყერულ ზონაში მონიტორინგის სპეციალური სისტემა დამონტაჟდება. 

მისივე თქმით, მონიტორინგის პარალელურად გაგრძელდება კვლევის პროცესი, რომელშიც გერმანელი ინჟინერ-გეოლოგებიც არიან ჩართული. თავის მხრივ, გერმანელმა სპეციალისტმა პეტერ ნიუმანმა თქვა, რომ საკითხის მოგვარებას კომპლექსური მიდგომა და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება დასჭირდება.

„უსაფრთხოების ის ზომები, რომელიც მიღებულია, კერძოდ, გზის გადაკეტვა და შეზღუდვების დაწესება არის სწორი. ამჟამად, სავარაუდოდ არის მასშტაბური მეწყრის ინიცირების ფაზა და უნდა განხორციელდეს პირველადი ზომები, როგორიცაა გამაგრების სამუშაოები, დრენაჟი და მონიტორინგი“, – განაცხადა პეტერ ნიუმანმა.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფის კვლევის პირველადი მონაცემები დაახლოებით კვირის ბოლოსკენ გახდება ცნობილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]