გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1979 წელს დაბადებული მალხაზ ბადუაშვილის კუთვნილი ავტომობილის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს, რის შედეგადაც ბადუაშვილი და მასთან ერთად მყოფი ორი პირი - 1990 წელს დაბადებული მ.მ.-მ და 1972 წელს დაბადებულმა ზ.ბ. დაიჭრნენ. ადგილზე გარდაიცვალა მანქანაში მყოფი, 1979 წელს დაბადებული ი.ჩ.
„სამივე დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. სამართალდამცველებმა, დაკავებული ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, კალაშნიკოვის სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მალხაზ ბადუაშვილი 2005 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს და სასჯელაღსრულების დაწესებულება დაახლოებით ერთი წლის წინ დატოვა. ჯუანშერ და ალექსანდრე ტურიაშვილები 2005 წელს მოკლული ვანო ტურიაშვილის ნათესავები არიან. მათ, სავარაუდოდ, შურისძიების მიზნით ბადუაშვილის მკვლელობა ჰქონდათ განზრახული.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას და სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.