„ადგილები ქუთაისსა და ბათუმში არის. ველოდებით მონაცემს, რამდენი დოზა „ფაიზერი“ დარჩება. დაახლოებით სამი ათასამდე უნდა იყოს დარჩენილი რეზერვში. დამატებითი დრო იქნება გამოყოფილი, რომ სრულად მოხდეს მისი დაჯავშნა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, სპეციალურ ვებ-პორტალზე, სადაც ვაქცინაციის მსურველები რეგისტრირდებიან და აცრისთვის ჯავშანს აკეთებენ, მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.
„ასევე,15 22-ზე დიდი რაოდენობით ზარი შემოვიდა. მოლოდინის პერიოდი იყო უფრო ხანგრძლივი, ვიდრე სხვა დროს. ამან გამოიწვია გარკვეული შეფერხებები. ვმუშაობთ ტექნიკურ ჯგუფთან, რომ დაჩქარდეს პასუხის გაცემა, რათა მომდევნო დღეებშიც თუ იქნება ასეთი აქტივობა, მოლოდინის რეჟიმი იყოს მინიმალური“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინით ყველა ვერ დაკმაყოფილდება. მან მოქალაქეებს მოუწოდა, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და გამოიყენონ ის ვაქცინა, რაც ქვეყანაშია.
„ფაიზერით“ ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში სამშაბათიდან, 30 მარტიდან დაიწყება.
საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზაა შემოსული, რაც დაახლოებით 14 500 ადამიანის ასაცრელად არის საკმარისი, რადგან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მსგავსად, ეს ვაქცინაც ორდოზიანია.
15 მარტიდან დღემდე ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მიმდინარეობდა. საქართველომ 43 200 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მიიღო, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ 4344 ადამიანია აცრილი.
ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ამ ეტაპზე, ჯანდაცვის მუშაკები და 65 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეები იცრებიან.