weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლევან რატიანი განმარტავს, რომ კლინიკაში შეყვანისას მეგი ბაქრაძე ცოცხალი იყო

12:00 სამშაბათი, 30 მარტი 2021
პირველი არხის ფოტო პირველი არხის ფოტო

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალციხიდან ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელიც ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა, თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაცვლილი შეიყვანეს.

„ქალბატონი მეგი, 28 წლის, ჩვენს კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ შემოიყვანა 18 მარტს, 19:45 საათზე. შემოყვანისას ის იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰემოდინამიკა იყო მკვეთრად არასტაბილური, რაც იმას ნიშნავს, რომ წნევის ამწევი პრეპარატების გარეშე, მარტივად რომ გითხრათ, ვერ ინარჩუნებდა ჰემოდინამიკას. შემოყვანისთანავე გავსინჯეთ მე და ქალბატონმა ქეთიმ. დაფიქსირდა, რომ პაციენტთან იყო ჰემოდინამიკის მკვეთრი მოშლა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი იყო გარდაცვლილი. გარდაცვალება დგება, როდესაც  გული ჩერდება. ჩვენს კლინიკაში შემოყვანისას პაციენტთან იყო გულისცემა, პრეპარატებით იყო შენარჩუნებული არტერიული წნევა.

შემოსვლისას მდგომარეობა იყო კრიტიკული, შეუქცევადი. კომა იყო სამქულიანი, გუგები მაქსიმალურად მიდრირებული. ჩვენ უკვე ვგრძნობდით, რომ პაციენტი რამოდენიმე საათში დაასრულებდა სიცოცხლეს.

კლინიკამ ყველაფერი გააკეთა, რომ პაციენტის სიცოცხლე შენარჩუნებულიყო, მაგრამ რამდენიმე საათში გული საბოლოოდ გაჩერდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

რეანიმატოლოგის განმარტებით, საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით, არცერთ კვლევაში ანემია არ დასტურდება. პაციენტს კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსთან დაკავშირებით და კვლევით იყო ნეგატიური.

„პაციენტი შემოვიდა ცოცხალი. ის რომ ყოფილიყო გვამი, მას აუცილებლად დავარქმევდი გვამს. მე არ ვარ პიროვნება, რომელმაც, შესაძლოა, თვალი დახუჭოს რამეზე“, - აღნიშნა რატიანმა.

27 წლის მეგი ბაქრაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ აიცრა. ვაქცინის გაკეთებიდან დაახლოებით 30 წუთში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და კომაში ჩავარდა. მეგი ბაქრაძე კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ვაქცინაციიდან დაახლოებით 24 საათში გარდაიცვალა. ექთნის სიკვდილის სავარაუდო მიზეზად ანაფილაქსიური შოკი განიხილება. ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. საქმეს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოც სწავლობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]