„ამ ფაქტთან დაკავშირებით უამრავი მოქალაქის საჩივარი მივიღეთ. საქმის ფიგურანტებთან ერთად, გამოკითხვაზე მათი მშობლებიც დაიბარეს. ვიდეოჩანაწერის მონაწილემ, ალიონა თანიამ ბოდიში საჯაროდ მოიხადა, თუმცა ეს ამბავი მხოლოდ „წუხილით“ არ დასრულდება“, - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკითხვაზე მისულ გოგონას ბოდიში საჯაროდ, კამერის წინ მოახდევინეს. „მე გამოვაქვეყნე ვიდეო, სადაც ვთქვი, რომ აფხაზეთი საქართველოა. ამის გაკეთება მთხოვეს. ბოდიშს გიხდით, ძალიან ვწუხვარ“, - ამბობს თანია.
გავრცელდა გოგონას მამის კომენტარიც, რომელიც ასევე დაკითხვაზე იმყოფებოდა. მამაკაცი აცხადებს, რომ შვილისგან ასეთ საქციელს არ ელოდა: „ეს არასწორია. 17 წლიდან ომი თავიდან ბოლომდე გამოვიარე. სოხუმის 1-ელ ბატალიონში ვმსახურობდი. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ჩემი შვილი ამაზე წავიდოდა“.
მომხდარის შემდეგ გოგონამ ვიდეო მალევე წაშალა, რის შემდეგაც 29 მარტს სოციალურ ქსელ TikTok-ში ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის აცხადებს, რომ „აფხაზეთი აფხაზეთია“.
უცნობია ალიონა თანიას რა სასჯელი ემუქრება.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებიდან ამ საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა.