weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პროტესტის გამო ბათუმის საკრებულომ ბულვარის პლაჟის გასხვისება შეაჩერა

15:18 სამშაბათი, 30 მარტი 2021

ბათუმის მცხოვრებლების, მათ შორის ბულვარის დირექტორის პროტესტის გამო, ბათუმის საკრებულომ დღეს გამართული სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღო ბულვარის პლაჟის გასხვისების საკითხი. სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანია „ბათუმი თაუერი“, თავისი შენობის პირდაპირ, პლაჟზე, 3380 კვ.მეტრს, არანაკლებ 15 წლიანი იჯარით გადაცემას ითხოვდა.

„ბულვარი არის საჯარო და უნდა იყოს ყველასათვის მისაწვდომი. მე, როგორც ბულვარის დირექტორმა ეს დავაფიქსირე, ეს ჩემი ვალდებულება იყო და გავაკეთე. სულ რაღაც ათ დღეში შემოვა უკვე ბულვარის განაშენიანების დოკუმენტი, დაველოდოთ და შემდგომ მივიღოთ გადაწყვეტილება, იქნება პრივატპლაჟები თუ ყველასთვის.

არ გვაქვს ჩვენ ფუფუნება, ძალიან პატარა სანაპირო გაგვაჩნია, ამიტომ უნდა იყოს ყველასთვის. ბათუმის ბულვარის პლაჟით სარგებლობს როგორც ბათუმელი, გურული, იმერელი, კახელი, თბილისელი და არ ჰყოფნის! მე წინააღმდეგი ვარ პლაჟების კერძო საკუთრებაში გადაცემის. პრაქტიკიდან გამომდინარე, შედეგი არ მოგვიტანა.

ვხედავთ, რომ შუაგულ ძეგლში (ბულვარს 2011 წლიდან ძეგლის სტატუსი აქვს), ძველ ტერიტორიაზე აუზია შემოღობილი, პლაჟი უნდა „ალიანსსაც“ „მერიოტისთვის“, უნდა სხვადასხვა კომპანიასაც.

ხვალ ჩვენ მოვალთ ისე, რომ ვერავინ ვერ შევალთ, თუ არ გადავიხდით  50 და 100 ლარს. ეს შეუძლებელია. ბულვარი არის საჯარო სივრცე, ქვეყნის მთავარი საჯარო სივრცე და არამხოლოდ ამ ქალაქის,“ - თქვა ბათუმის ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დასწრებას ცდილობდნენ საზოგადოება „ბათომის“ წარმომადგენლები, ჟურნალისტები და საკითხით დაინტერესებული სხვა პირები, თუმცა ისინი სხდომაზე იმ მიზეზით არ დაუშვეს, რომ დარბაზი პატარა იყო.

ბათუმის საკრებულოში დაპირისპირების დროს პოლიციელებმა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. აქტივისტი საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვდა. მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის განმარტებით, საკრებულო ამ საკითხს ბულვარის განაშენიანების გეგმის განხილვის შემდეგ დაუბრუნდება.

„გეგმა უკვე დევს და ის მოთხოვნები, რასაც ზღვისპირა ზოლის განვითარების გეგმა ითვალისწინებს, ასახულია დოკუმენტში. აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რაც ბულვარის განვითარების გეგმით არის გათვალისწინებული. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი განკარგვის წესით, ქალაქის ბიუჯეტში სოლიდური თანხა შემოვიდოდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ბულვარის განაშენიანების გეგმის დასამტკიცებლად შემოსვლის შემდეგ მოხდეს საკითხის განხილვაც“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

კომპანია „ლე მერიდიანის“ დირექტორის, მალხაზ კუნელაურის ინფორმაციით, ისინი აპირებენ მაღალი კლასის პლაჟის მოწყობას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საჯარო გამოყენებისთვისაც. მისივე თქმით, კომპანია არ გეგმავს ტერიტორიის ჩაკეტვას.

კერძო სარგებლობაში გადაცემულ პლაჟს ბათუმელები და დამსხვენებლები უმეტესად ვერ იყენებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]