„ჯიპები ჯერ ახერხებენ გავლას, პირდაპირ წყალში, მაგრამ საშიშია. ერთ ღამეში თუ 30 სანტიმეტრზე ამოვიდა წყალი, წარმოიდგინეთ ხვალ რა სიმაღლეზე იქნება. 2 ტრაქტორი კი დგას, მაგრამ კაციშვილი არ არის იქ და არავინ მუშაობს. პოლიციის მანქანაც დგას, მაგრამ არაფერს არეგულირებენ. არადა, მოწყვეტილი მთიდან ქვები ცვივა და სახიფათო ვითარებაა“, – უთხრა „მთის ამბებს“ ლევან სულაკაურმა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის განცხადებით, თუშეთის გზის დატბორილ მონაკვეთზე ტრაქტორი იმიტომ არ მუშაობს, რომ საშიშია.
„ერთი მიზეზის გამო არ მუშაობს იქ ტრაქტორი. იმიტომ, რომ ვერ გაასწრებს თუ ლოდი მოწყდა. მანქანების გატარება კი შეიძლება, ვაკვირდებით სიტუაციას. ვერ ვეკარებით იმ ადგილს. ძალიან მოწყვეტილია მთის ნაწილი. ვერც ალპინისტები შეგვყავს. ვერ გაიგებ რომელი მხრიდან მოწყდება. სადაც დაიტბორა, გზის აწევას მოვახდენთ მიწაყრილით. ერთადერთი ეს არის“.
სტატისტიკური მონაცემებით, აგვისტოში თუშეთს ყველაზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს, დაახლოებით 5–6 ათასი ადამიანი. სოფლებში ომალოში, დართლოსა და შენაქოში საოჯახო სასტუმროების უმეტესობა ტურისტებით არის სავსე. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის ჩაკეტვის შემთხვევაში, ტურისტები ბარში დაბრუნებას საფეხმავლო გზით შეძლებენ ხევსურეთის ან ხადორის უღელტეხილის გავლით. თუშეთის მიმართულებით სამოქალაქო ფრენები არ ხორციელდება და ვერტმფრენით მიმოსვლა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ შვეულმფრენს საქართველოს მთავრობა გამოყოფს.
მასალა სრულად იხილეთ „მთის ამბების“ ვებგვერდზე