დღესვე, მუხრან შუკვანის სახელობის მემორიალი საზეიმოდ გაიხსნა.
უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი მე-3 ქვეით ბრიგადაში 2005 წლიდან მსახურობდა. 2010 წელს 5 სექტემბერს ჰელმანდის პროვინციაში, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, 28 წლის მუხრან შუკვანი სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
მუხრან შუკვანი სვანეთში, სოფელ ლენჯერში დაიბადა. სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ლეიტენანტი მუხრან შუკვანი ოცმეთაურად დანიშნეს. 2006 წელს მისი ქვედანაყოფი სამშვიდობო მისიით ერაყში გაგზავნეს, სადაც 6 თვე იმყოფებოდნენ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მესამე ბრიგადაში მსახურობდა, 2008 წელს მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში, რა დროსაც დაიჭრა.
მოგვიანებით, ISAF-ის მისიისთვის შერჩეულმა ბატალიონმა, რომელსაც მუხრან შუკვანი ხელმძღვანელობდა, წვრთნები გერმანიაში გაიარა. 2010 წლის აპრილში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი, ექვსი თვით, ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციაში გაიგზავნა. იმავე ბრიგადის 32-ე ბატალიონს შუკვანის ქვედანაყოფი ოქტომბერში უნდა შეეცვალა. 5 სექტემბერს, როტაციამდე ერთი თვით ადრე, მუხრან შუკვანი სამხედრო ოპერაციისას დაიღუპა.
ავღანეთში სამხედრო ბაზას მისი სახელი მიენიჭა. ლენჯერში ერთ-ერთ ქუჩას კი მუხრან შუკვანის სახელი გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ, 2019 წელს დაარქვეს.