weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო მონასტრიდან გარიცხა

10:21 პარასკევი, 02 აპრილი 2021

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო გამყრელიძე მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხა. თბილისში, საპატრიარქოსთან გამართული აქციიდან დაბრუნებული მონაზონი და მორჩილი წუხელ მონასტრის ტერიტორიაზე აღარ შეუშვეს.

„მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო (გამყრელიძე) გაირიცხონ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან და სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში“, – აღნიშნულია ჭყონდიდის მიტროპოლიტის მიერ გამოცემულ ბრძანებაში.

მონასტრიდან გარიცხვამდე მეუფე პეტრემ მონაზონი სოსანა მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გადააყენა. მის ბრძანებაში ნათქვამია, რომ დედა სოსანამ მონასტრის წინამძღვრის პატივი თვითნებურად მიითვისა.

მეუფე პეტრეს ამ გადაწყვეტილებების მიზეზი სავარაუდოდ გახდა ის, რომ დედა სოსანა მხარს უჭერს ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს (ცაავა) და აცხადებს, რომ პატრიარქს ლოცვებში არ მოიხსენიებს მანამ, ვიდრე არ ჩატარდება წმინდა სინოდის სხდომა, რომელიც განიხილავს პეტრე ცაავას მიერ პატრიარქისთვის წაყენებულ ბრალდებას მამათმავლობასთან დაკავშირებით.

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად თებერვალში დაინიშნა. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მან შეითავსა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველობაც.

წლების განმავლობაში ჭყონდიდის ეპარქიას პეტრე ცაავა ხელმძღვანელობდა. 2019 წლის 31 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამათმავლობაში დაადანაშაულა, წმინდა სინოდმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა, თუმცა, სასულიერო ხარისხიდან არ განკვეთა.

ადგილობრივი სასულიერო პირების და მრევლის ნაწილი მიიჩნევს, რომ მეუფე სტეფანე ეპარქიის უკანონო მმართველია. ისინი ითხოვენ, რომ მან ჭყონდიდი ეპარქია დატოვოს, საპატრიარქომ პეტრე ცაავას მიერ წაყენებული ბრალდება გამოიძიოს და მიტროპოლიტად კვლავ ის დააბრუნოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]