მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველომ ვაქცინა შეიძინა იმ დაშვებით, რომ ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას აპრილის შუა რიცხვებში მიიღებს.
„ევროპის ქვეყნებში „სინოფარმს“ იყენებს უნგრეთი და აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ. გლობალურად ბაზარზე ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა არის ძალიან რთული. ამდენად, იმ დაშვებით, რომ ავტორიზაციას მიიღებს „სინოფარმი“, შევიძინეთ ეს ვაქცინა აპრილის ბოლომდე. რა თქმა უნდა, ვადევნებთ თვალს და ვაგრძელებთ ჯანმო-სთან კომუნიკაციას, რათა ნებისმიერი რისკი, თუ რამე არსებობს და გამოიკვეთა „სინოფარმის“ მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მაშინვე ცნობილი გახდეს. ნამდვილად მნიშვნელოვანია ჯანმო-ს ავტორიზაცია, თუმცა სამართლებრივად, უნგრეთის ავტორიზაცია არის ის პირობა, რაც პასუხისმგებლობის გადაზღვევის საშუალებას გვაძლევს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაახლოებით ორ კვირაში, ანუ მას შემდეგ დაიწყება, რაც ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.
უნგრეთი პირველი ქვეყანაა ევროკავშირში, რომელმაც „სინოფარმის“ გამოყენება დაიწყო. მანამდე, იანვარში ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩინური კომპანიისგან ვაქცინის 5 მილიონი დოზა შეიძინეს. „სინოფარმის“ გარდა, უნგრეთში „ასტრაზენეკას“, „ფაიზერის“, „მოდერნას“ ვაქცინები, ასევე, რუსული „სპუტნიკი V“-ის გამოიყენება.