weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2021

ჩვენს შვილებს კლავენ, თვითონ აქ საქეიფოდ ჩამოდიან – არჩილ ტატუნაშვილის დედა პოზნერზე

22:59 პარასკევი, 02 აპრილი 2021 hits 355

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედამ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქართველებს საკუთარ სახლში მისვლის გამო კლავენ, რუსები კი აქ დროის გასატარებლად ჩამოდიან.

„ჩვენ საკუთარ ოჯახებშიც არ გვიშვებენ. ამის გულისთვის გვსჯიან, კლავენ ჩვენს შვილებს, თვითონ აქ ჩამოდიან საქეიფოდ და დროის სატარებლად, რა რეაქცია უნდა მქონოდა? რა თქმა უნდა, ძალიან გავნერვიულდი“, – თქვა ჟურნალისტებთან რუსუდან ტატუნაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილის მამის, გივი ტატუნაშვილის თქმით, ხელისუფლებამ მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს ოკუპანტის მიმართ. „ასე რომ არ იყოს, ჩემი შვილის მკვლელები დღეს დაუსჯელები არ იქნებოდნენ“, – აღნიშნა მან.

არჩილ ტატუნაშვილის მშობლებმა განცხადებები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთეს, სადაც არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით იყვნენ მისული. დღეს, 2 აპრილს, ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა.

ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. 23 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცხინვალში გარდაიცვალა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, დაკავების შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის დროს ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც ძალის გამოყენება გახდა საჭირო, რა დროსაც დაკავებული იზოლატორის კიბეზე დაგორდა. ცხინვალის ვერსიით, ტატუნაშვილი საავადმყოფოში გადაყვანიდან ორ საათში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, გარდაცვლილის ოჯახი და საპატრიარქო ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. საბოლოოდ, ცხედარი „წითელი ჯვრის“ ჩართულობით ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს, 24 მარტს კი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

2020 წლის დეკემბერში მცხეთის რაიონულმა სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულები, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები - დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ.

„ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მიღებული დაზიანებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა“, – აცხადებს საქართველოს პროკურატურა.

გურწიევსა და ტაბოევს სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ მიმართ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]