„გარდა იმისა, რომ რიონის ხეობაში სამშენებლო სამუშაოები ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევით განახლდა, რაც ამ დრომდე გრძელდება, ხელისუფლებამ ამ ქმედებით ასევე დაარღვია ადგილობრივი მოსახლეობისადმი საჯაროდ მიცემული პირობა, რომელიც ყველა შეკითხვასა და წუხილზე პასუხის გაცემის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განახლებას გამორიცხავდა. სახელმწიფო არ ელოდება არც ამ საკითხზე მიმდინარე სასამართლო განხილვას.
სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ნამახვანი ჰესის მშენებლობის პროცესის პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტის გზას არ იყენებს და სწორედ ადამიანის უფლებების და სოციალური სამართლიანობის დაცვის მიზნით მისთვის გადაცემულ საპოლიციო უფლებამოსილებას, დღეს მისივე მოქალაქეების ინტერესების და თავისუფლებების წინააღმდეგ იყენებს“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვაში.
მათივე შეფასებით, ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ჩანს საპოლიციო, საინფორმაციო და ადმინისტრაციული რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების არაღიარების და დისკრედიტაციის მიზნით.
„თუმცა, დღეს ხელისუფლება უკვე ფუნდამენტური უფლებების ხელყოფით, რეპრესიული აპარატის აგრესიული გამოყენებით საზოგადოებრივ ჯგუფებთან დემოკრატიული დიალოგისა და სამართლებრივი გზებით შექმნილი კრიზისის გადაჭრაზე უარს აცხადებს. პროცესის ამგვარი რადიკალიზების საფუძველი, სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ბუნდოვანია და საჯარო ინტერესისა და დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო.
ასევე, სრულად ვიზიარებთ ადგილობრივი მოსახლეობის პოზიციას და დაუშვებლად მივიჩნევთ, სახელმწიფოს მცდელობას, მიმდინარე მოვლენები მოსახლეობასა და მშენებელ კომპანიას შორის არსებულ დაპირისპირებად წარმოაჩინოს და ამით თავიდან აიცილოს საკუთარი პასუხისმგებლობა.
რიონის ხეობაში შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე, მოვუწოდებთ:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- დაუყოვნებლივ უზრუნველყოს გადაადგილების აღდგენა სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, არ გამოიყენოს საპოლიციო ძალა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და უზრუნველყოს გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის ფუნდამენტური უფლებების განუხრელად დაცვა;
საქართველოს მთავრობას:
- დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ადგილზე მიმდინარე ყველა ტიპის სამშენებლო სამუშაოების, მათ შორის, დაუსაბუთებლად განახლებული მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე;
- პროექტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შესახებ დემოკრატიული და სათანადო საჯარო დისკუსიების წარმართვამდე, უარი თქვას ნამახვანი ჰესის მშენებლობის შესახებ მიღებული უკიდურესად პრობლემური გადაწყვეტილების რეპრესიული მეთოდებით აღსრულებაზე;
საქართველოს სახალხო დამცველს:
- შემჭიდროვებულ ვადებში უზრუნველყოს დღეს რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენების შეფასება ადამიანის უფლებების შუქზე, რამდენადაც უკანონო და დაუსაბუთებელი შეზღუდვებიდან გამომდინარე, ადგილზე მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ჰქონდათ დაშვება, ხოლო მიმდინარე მოვლენების მიმართ არსებობს განსაკუთრებულად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
დღეს, 3 აპრილს, ინვესტორმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ სოფელ ნამოხვანში ჰესის მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები განაახლა. პოლიციამ პროტესტის ადგილამდე მისასვლელი გზა ორივე მხრიდან გადაკეტა, რის გამოც შეუძლებელი გახდა პროტესტს სხვა მხარდამჭერები შეერთებოდნენ. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით ორი ადამიანი დააკავეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხეობაში აღიმართა საკომუნიკაციო სიგნალების ჩამხშობი აპარატურა, რაც ართულებს და ხშირად შეუძლებელს ხდის ინფორმაციის დროულად მიღებას ხეობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სიგნალების ჩახშობა უხეშად არღვევს როგორც შეკრებისა და მანიფესტაციის, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს.
ამ დროისთვის, რიონის ხეობაში კვლავ მობილიზებულია დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალა.