როგორც ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში.
„სწორედ ამიტომ მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული შრომითი ინსპექცია. დიდი მნშვნელობა აქვს მოქალაქეების ჩართულობას წესების აღსრულებაში, რათა არ გავხდეთ იძულებული, ინფექციის გავრცელების გამო გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ. ამ ეტაპისთვის გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე, არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე.
დღეს ცოტა ადრეა მსჯელობა, თუ რა იქნება სააღდგომოდ, ვინაიდან ამ ეტაპისთვის ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. თუმცა ინფექციის ზრდა ფიქსირდება და ალბათ, დაახლოებით ერთი კვირით ადრე აღდგომის პერიოდამდე, გვექნება ზუსტი ინფორმაცია, თუ რა იქნება გეგმა დღესასწაულებთან მიმართებაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, 15 აპრილიდან, დიდ ქალაქებში შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით უწყებათაშორის საბჭოს ჯერ არ უმსჯელია.
„საქართველოს რამდენიმე რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევები, რითიც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ შეზღუდვების გარეშე დავძლიოთ და გავაკონტროლოთ ის მომატებული ინფექციის რაოდენობა, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიმჩნევა“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
9211 კვლევის შედეგად, დღეს საქართველოში კორონავირუსის 228 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 111 თბილისში დაფიქსირდა.
დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 425 პაციენტი, 11 კი გარდაიცვალა.