ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უნგრეთის მკაცრი მარეგულირებელის მიერ, „სონოფარმის“ ვაქცინის აღიარება საქართველოში მისი შემოტანის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი გახდა.
„უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი „სინოფარმის“ ვაქცინით და შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის.
ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ აპრილის შუა რიცხევში „სინოფარმი“ ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციას, რაც ჩვენც საშუალებას მოგვცემს, რომ 15 აპრილის შემდეგ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გავხადეოთ აცრებისთვის რეგისტრაციის მოდული. ამ კვირაში მოვიწვევთ ვაქცინაციის საბჭოს და დამატებით ვიმსჯელებთ მიდგომებზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში ჩინეთის ელჩის, ლი იენის თქმით, დღეის მდგომარეობით, „სინოფარმის“ 100 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული და მას რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტი არ მოჰყოლია.
„როგორ იტყვიან, მეგობარი გასაჭირში იცნობაო. ვაქცინებზე მოთხოვნა როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ქვეყნის შიგნით ძალიან მაღალია, ხოლო ვაქცინების წარმოების მოცულობა არასაკმარისია. ასეთ ვითარებაში, ქართული მხარის თხოვნის შესაბამისად, ჩინურმა მხარემ საქართველოს ვაქცინა მიაწოდა.
ამჯერად ჩვენ საქართველოს მივაწოდეთ კომპანია „სინიოფარმის“ მიერ წარმოებული ვაქცინა, რომელიც ტრადიციული, სანდო, ვირუსის ინაქტივირების მეთოდით არის დამზადებული. ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დონე ძალიან მაღალია. ის ფართოდ გამოიყენება არა მარტო ჩინეთში, არამედ მისი ექსპორტი 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება.
ჩინური მხარე იმედოვნებს, რომ ჩინური ვაქცინა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს მიერ ეპიდემიის დამარცხებისა და და ქართველი ხალხის სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საქმეში“, – აცხადებს ჩინეთის ელჩი.
„სინოფარმის“ ვაქცინის გამოყენება დაწყებულია არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ასევე, სამხრეთ ამერიკის რამოდენიმე ქვეყანაში, უნგრეთსა და სერბეთში. საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა ორი დღის წინ შემოვიდა.