„მთავარ არხთან“ ინტერვიუში ირმა ბუთხუზმა განაცხადა, რომ დე ფაქტო ხელისუფლების პირობების შესახებ ზაზა გახელაძემ ტელევიზიით შეიტყო.
„ტელევიზიიდან გაიგო, რომ ითხოვენ ჩორჩანას, ითხოვენ ხატს, მაგრამ მაგრამ ზაზას პოზიციაა, რომ არცერთში უნდა გაცვალონ, იმიტომ, რომეს არის ის სიწმინდე, რომელიც საქართველოს ეკუთვნის და იქ უნდა იყოს, სადაც არის. მეორე არის ჩორჩანა - ითხოვენ ამ ბლოკ პოსტის აღებას, მაგრამ თვითონ თვლის, რომ არ აქვს იმის ძალა, რომ ეს ტვირთი ატაროს“, – ამბობს ირმა ბუთხუზი, რომელმაც მეუღლე, წითელი ჯვრის დახმარებით, 30 მარტს მოინახულა.
ზაზა გახელაძე უკვე ცხრა თვეა ცხინვალის ციხეში ზის. ის რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონში, ე.წ. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2020 წლის 11 ივლისს ფეხში დაჭერეს და დააკავეს. 2021 წლის 5 თებერვალს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ, მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 322-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელის სიცოცხლის ხელყოფასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლება დიდი ხანია ოქონის ხატის გადაცემას ითხოვს. მიმდინარე წლის დასაწყისში ე.წ. რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოებმა განაცხადა, რომ ხატის დაბრუნება პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებისადმი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნდობის გაჩენისთვის.
„ეს წმინდა ჰუმანიტარული აქციაა. ხატი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მეპატრონეს - სამხერთ ოსეთის ხალხს. ამ საკითხს ჩვენ ყველა შეხვედრაზე ვაყენებთ და ვაპირებთ სიწმინდეზე ვილაპარაკოთ მანამ, ვიდრე ხატი არ დაბრუნდება“, – განაცხადა ჯიოევმა.
რაც შეეხება ჩორჩანას საგუშაგოს, სოფელ წნელისთან საგუშაგო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტმა 2019 წლის 20-24 აგვისტოს მოაწყო. საპოლიციო საგუშაგოს მოწყობას წინ უძღოდა 2019 წლის იანვრიდან, წნელისსა და ჩორჩანას შორის არსებულ ტერიტორიაზე, ხეებზე ფერადი მონიშვნები, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა როგორც „ბორდერიზაციის“ ნიშნები. ოსურმა მხარემ ამ მონიშვნებზე პასუხისმგებლობა არ აიღო. ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნიდან რამდენიმე დღის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით კილომეტრნახევრით შემოიწია და ორი ე.წ. საგუშაგო განათავსა. გარდა ამისა, 2019 წლის 4 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის მიმართულებით არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი (ოძისი) ჩაკეტა და საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩორჩანას საგუშაგოს გაუქმებას მოითხოვა.