6 აპრილს „ჩერნომორენერგომ“ Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ავარიის შედეგად აფხაზეთის ენერგოსისტემაში დაახლოებით 100 მეგავატის დეფიციტი შეიქმნა, რის გამოც აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდებას სამ საათში ერთხელ ერთი საათით უზღუდავენ.
„ჩერნომორენერგოს“ ცნობით, საქართველოს საგანგებო სამსახურები დღის განმავლობაში ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოებს აწარმოებდნენ. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ელექტროენერგია კვლავ შეზღუდვით მიეწოდებათ.
500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონის“ სიგრძე 405 კილომეტრია და საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემებს აკავშირებს. ის ერთადერთი ელექტროგადამცემი ხაზია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ზაფხულში საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებზე გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგიის რუსეთში გატანა, ხოლო ზამთარში რუსეთიდან დეფიციტის შევსება.
ენგურჰესზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, რომელიც იანვრის ბოლოს დაიწყო და მაისში დასრულდება, აფხაზეთის ენერგომომარაგება რუსეთიდან ხორციელდება.