weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„საზღვარი“ შეიძლება გაიხსნას თუ იქ COVID-19-ზე ტესტირების პუნქტი იქნება – ფილია

16:19 ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021
ფოტოზე - კონსტანტინე ფილია ფოტოზე - კონსტანტინე ფილია

ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის, კონსტანტინე ფილიას განცხადებით, 2020 წლის აპრილის შემდეგ, 4 ათასამდე ადამიანი დააკავეს მდინარე ენგურის გავლით „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“.

ფილიამ „სპუტნიკთან“ ინტერვუში განაცხადა, რომ ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ადამიანებს აჯარიმებენ, ასაკოვან ხალხთან კი „განმარტებით სამუშაოს ატარებენ“.

კონსტანტინე ფილიამ განაცხადა, რომ ენგურზე „საზღვარი“ შეიძლება დაუბრუნდეს მუშაობის ძველ რეჟიმს, თუ იქ განთავსდება სამედიცინო ცენტრი COVID-19-ზე ტესტირებისთვის.

„მდინარე ენგურზე გამშვები პუნქტის გახსნის ასეთი ვარიანტი, ყველა კოვიდსაწინააღმდეგო შეზღუდვის დაცვით, მოწონებული იქნება აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმის მიერაც“, – განაცხადა ფილიამ.

ოკუპირებულ გალში დღეს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის წესის გამარტივება - საშვის („პროპუსკის“) გარეშე გადასვლის შესაძლებლობა შშმ პირებისა და მოხუცების თანმხლები ადამიანებისთვის.

პანდემიის მიზეზით აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ენგურის ხიდი 2020 წლის 14 მარტს ჩაკეტა და რამდენჯერმა გახსნა „ჰუმანიტარული დერეფანი“ იმისთვის, რომ აფხაზეთის მცხოვრებლები, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ დარჩენილი, უკან დაბრუნებულიყვნენ. 2021 წლის თებერვალში ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება ორმხრივად გაიხსნა ხანდაზმულებისთვის, პენსიონერებისთვის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელები ვალდებული არიან, საკარანტინო სივრცეში 5-დღიანი კარანტინი გაიარონ.

დღეს, 7 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან, მდინარე ენგურში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ. გავრცელებული ინფორმაცია, რომ მეოთხე ადამიანის ცხედარი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ნახეს, არ დადასტურდა.

დაღუპულთაგან სამი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩედანაა, ერთი კი ოქუმიდან. რუსი ე.წ. მესაზღვრეებისგან მალულად, ენგურის გავლით ზუგდიდში გადასვლას ცოლ-ქმარი, ახალგაზრდა ქალი და ასაკოვანი მამაკაცი ცდილობდნენ. ისინი სავარაუდოდ ადიდებულმა წყალმა წაიღო. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოქალაქეებს რუსი მესაზღვრეები ძაღლებით დაედევნენ, რის გამოც ენგურში შევიდნენ.  

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარი საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]