„გადმოდიოდნენ ღამით, მგონი, 4 საათზე და ალბათ, არ იცოდნენ, რომ წყალი გაშვებული იყო. ზოგი ამბობს, რომ რუსები ძაღლებით დაედევნენ და შიშით წყალში ჩაცვივდნენო. ალბათ, წყლის დონე არ იცოდნენ. პენსიას შეაგროვებენ, თურმე და მერე გადმოდიან პროდუქტები რომ იყიდონ. რა ქნან, იქ ყველაფერი გაძვირდა“, – ამბობს მოქალაქე ჟურნალისტებთან.
დღეს, 7 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან, მდინარე ენგურში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ. გავრცელებული ინფორმაცია, რომ მეოთხე ადამიანის ცხედარი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ნახეს, არ დადასტურდა.
დაღუპულთაგან სამი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩედანაა, ერთი კი ოქუმიდან. რუსი ე.წ. მესაზღვრეებისგან მალულად, ენგურის გავლით ზუგდიდში გადასვლას ცოლ-ქმარი, ახალგაზრდა ქალი და ასაკოვანი მამაკაცი ცდილობდნენ. ისინი სავარაუდოდ ადიდებულმა წყალმა წაიღო.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარი საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგია.
მიმდინარე წლის 14 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოქცეულ საქართველოს მოქალაქეებს ხურჩაში, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით ნახევარ კილომეტრზე ძაღლით სდიეს და უკან ძალის გამოყენებით დააბრუნეს.
პანდემიის მიზეზით აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ენგურის ხიდი 2020 წლის 14 მარტს ჩაკეტა და რამდენჯერმა გახსნა „ჰუმანიტარული დერეფანი“ იმისთვის, რომ აფხაზეთის მცხოვრებლები, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ დარჩენილი, უკან დაბრუნებულიყვნენ. 2021 წლის თებერვალში ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება ორმხრივად გაიხსნა ხანდაზმულებისთვის, პენსიონერებისთვის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელები ვალდებული არიან, საკარანტინო სივრცეში 5-დღიანი კარანტინი გაიარონ.