weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

დე ფაქტო აფხაზეთის სასაზღვრო რაზმის უფროსმა გალელების დაღუპვაზე კომენტარი გააკეთა

18:46 ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021
რადიო ათინათის ფოტო რადიო ათინათის ფოტო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის უფროსმა, რუსტამ ლატიპოვმა ე.წ. საზღვრის გადმოკვეთის დროს გალის რაიონში მცხოვრები 4 ადამიანის დაღუპვაზე კომენტარი ადგილობრივ ახალი ამბების სააგენტო „აპსნიპრესთან“ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, დაღუპულები 62 წლის თ.ბ, 30 წლის თ.ც., 47 წლის ე.გ. და მ.გ. არიან. როგორც რუსტამ ლატიპოვი ამბობს, 6 აპრილს, დაახლოებით, დილის 5 საათზე გალის ოთხმა მკვიდრმა, ე.წ. გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, სოფელ თაგილონთან „საზღვრის“ გადაკვეთა გადაწყვიტა.

„მდინარის ნაპირას მათ საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალება დატოვეს. ადგილობრივი მკვიდრისგან ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხობის სამსახურის საზღვრის კონტროლის ჯგუფი იმ მომენტში იმ რაიონში არ იმყოფებოდა. მათ დაიწყეს ენგურის გაღმა გასვლა. ვერ შეაფასეს მდინარეში წყლის დონე, ვერ გაუმკლავდნენ დინებას, რამაც ფატალური შედეგები გამოიწვია“, – ამბობს ლატიპოვი.  

რუსტამ ლატიპოვი არ გამორიცხავს, ​​რომ ადამიანები „სასაზღვრო რეჟიმს მასობრივად არღვევენ“ და ე.წ. გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობენ მდინარეზე გადასვლას იმ მიზეზით, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას მათთვის სავალდებულოა 5-დღიანი კარანტინის გავლა.

„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვარი დაკეტილია, როდესაც გალის რაიონის მცხოვრებლები, საპატიო მიზეზით, უნდა მოხვდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენ მათ გამშვები პუნქტის გავლით ვუშვებთ, მაგრამ იქ კარანტინის გავლა უწევთ“, – ამბობს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი.

ლატიპოვი აღნიშნავს, რომ საქართველოში აქციებიც გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ცდილობდნენ მთავრობის ყურადღების მიპყრობას იმისკენ, რომ სავალდებულო კარანტინის გავლის მოთხოვნა ე.წ. საზღვარზე გადაადგილებას ართულებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურში ორი ქალისა და ერთი მამაკაცის ცხედარი დილით იპოვეს, 47 წლის მამაკაცის ცხედრის სამძებრო სამუშაოები კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცოტა ხნის წინ ცხედარი სოფელ ორსანტიაში ნახეს. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით საქართველოს მოქალაქეები მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდნენ, თუმცა მდინარის გადმოკვეთისას დაიღუპნენ.

პანდემიის მიზეზით აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ენგურის ხიდი 2020 წლის 14 მარტს ჩაკეტა და რამდენჯერმა გახსნა „ჰუმანიტარული დერეფანი“ იმისთვის, რომ აფხაზეთის მცხოვრებლები, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ დარჩენილი, უკან დაბრუნებულიყვნენ. 2021 წლის თებერვალში ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება ორმხრივად გაიხსნა ხანდაზმულებისთვის, პენსიონერებისთვის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელები ვალდებული არიან, საკარანტინო სივრცეში 5-დღიანი კარანტინი გაიარონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]