ამირან გულუაშვილის თქმით, სასამართლო ვალდებულია აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი ორ თვეში ერთხელ განიხილოს. მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს შეუფარდა.
„ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებულია პატიმრობა. სასამართლოს აქვს კანონისმიერი ვალდებულება ორ თვეში ერთხელ გადასინჯოს მის მიერ გამოყენებული პატიმრობა ან საკუთარი ინიციატივით, ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. ჩვენს მიერ ჯერ კიდევ 25 თებერვალს იქნა გაკეთებული შეთავაზება დაცვის მხარისთვის და შევთავაზეთ მათ ლეგიტიმური, კანონისმიერი საშუალება იმისთვის, რომ ნიკანორ მელიას გამოყენებული პატიმრობა შეცვლილიყო გირაოთი, იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს ამის სურვილი ჰქონდა“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებთან.
პროკურორმა აღნიშნა, რომ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი.
„პროკურატურამ საჯარო განცხადებით დაცვის მახრეს შესთავაზა კონკრეტული სამართლებრივი გზა მათი მზადყოფნის შემთხვევაში როგორ უნდა მომხდარიყო აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლა უფრო მუსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით. თუმცა, დაცვის მხარე ახდენს კანონით სპეკულირებას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას, იძახის რა, რომ მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელმაც იცის, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის შეცვლა გირაოთი.
რეალურად, ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანია რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა. ნიკანორ მელიას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
ნიკა მელია 23 თებერვალს, პარტიის ოფისში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მანამდე, 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით იმ მოტივით მიმართა, რომ ნიკა მელიამ გირაოს სახით შეფარდებული 40 000 ლარის გადახდაზე უარი თქვა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს პროკურატურა 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო - 30 000 ლარი შეუფარდა, 2 ივლისის განჩინებით კი მის მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი (სამაჯური). გირაოს თანხა მელიამ სრულად გადაიხადა, თუმცა 2020 წლის პირველ ნოემბერს, აქციაზე მან დემონსტრაციულად მოიხსნა სამაჯური. ამის გამო, 3 ნოემბერს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მას 40 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა. გირაოს გადახდის ვადა ისე ამოიწურა, რომ ნიკა მელიას სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხა არ შეუტანია. ამის შემდეგ პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერება მოითხოვა. პარლამენტმა საკითხს მხარი დაუჭირა.