weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რიონის ხეობაში გადაადგილების შეზღუდვა არაპროპორციულია – სახალხო დამცველი

17:55 ხუთშაბათი, 08 აპრილი 2021

„გამოყენებული ღონისძიება – გადაადგილების შეზღუდვა არის არაპროპორციული, რადგან დღეს არანაირი საჭიროება არ არსებობს, რომ აქ რაიმე გადაადგილება კონტროლდებოდეს. არც ძალადობრივი აქციაა დაანონსებული, არც რაიმე წინაპირობა არსებობს იმისა, რომ ასეთი მკაცრი ღონისძიებები დაწესდეს“, – აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში ჩავიდა, სადაც პოლიციას ბლოკპოსტი აქვს მოწყობილი და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანისკენ არ უშვებს. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ვერც ადგილზე ვერ დაუსაბუთეს, რატომ არის საჭირო გადაადგილების შეზღუდვა.

„სამწუხაროდ, ვერც ადგილზე მყოფი პოლიციელებისგან მივიღე განმარტება, თუმცა ჩვენ უკვე ოფიციალურად მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს არა მარტო ამ ბლოკპოსტთან, არამედ ზოგადად, გამოყენებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რასაც პოლიცია იყენებს ადგილზე. აუცილებლად შევისწავლით სამართლებრივ მხარეს, ანუ რა არგუმენტები აქვს პოლიციას. როგორც დღეს აქტივისტებისგან მოვისმინე, მათ შორის არაკომენდანტის საათის დროსაც, მათ აქვთ შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნამახვანჰესის პროექტის ინვესტორმა კომპანიამ, შპს „ენკა რინიუებლზმა“ ჰესის სამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, საპოლიციო ძალების მობილიზებით, ადგილობრივების პროტესტის ფონზე განაახლა. სოფელ ნამახვანში, იქ სადაც მოძრაობას „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ კარვები აქვს გაშლილი, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების შეკრებას ხელი რომ შეშლოდა, პოლიციამ გზა ორივე მხრიდან, გუმათსა და ქორენიშში, ჩაკეტა. ჩახშობილი იყო ინტერნეტის სიგნალიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოების მიზნით ჰქონდათ შეზღუდული. ამასთან, უწყებამ უარყო, რომ ინტერნეტის სიგნალს ახშობდნენ.  

4 აპრილისთვის რიონის ხეობის სოფლებში ათასამდე პოლიციელისა და სპეცრაზმი იყო მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლის მანქანაც შეიყვანა, რომელსაც აქციების დაშლის დროს იყენებენ. გუმათიდან ნამოხვანის მიმართულებით ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები არ გაუშვეს, რის გამოც მათ კარავი გუმათშიც დადგეს.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივები 160 დღეზე მეტია უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და მისი მხარდამჭერების მოთხოვნებია: გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათელა თურნავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]