weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ მედიკოსებს 3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

00:29 პარასკევი, 09 აპრილი 2021
ფოტოზე - ვიოლტა ინასარიძე ფოტოზე - ვიოლტა ინასარიძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 წლის ექთნის, მეგი ბაქარაძის გარდაცვალების საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებულ ორ ექიმსა და ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურა 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექიმებს – ვიოლეტა ინასარიძეს და ბექა ლიპარტელიანს და ექთანს – თეა გზირიშვილს პროკურატურამ ბრალი 7 აპრილს წარუდგინა, თუმცა ისინი დაკავებულები არ ყოფილან. ბრალდების მხარის განმარტებით, ვიოლეტა ინასარიძემ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა იმის შესახებ, თითქოს, 18 მარტს, კორონავირუსზე აცრის შემდგომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო, მეგი ბაქრაძის მიმართ მედიკამენტი (ადრენალინი) გამოიყენა, რასაც ბექა ლიპარტელიანი და თეა გზირიშვილიც ადასტურებდნენ. სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ იმ დროს, როცა მეგი ბაქრაძეს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვიოლეტა ინასარიძე დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა. ვოლეტა ფორჩხიძე 20 მარტს ჟურნალისტებთან ინტერვიუ დროსაც ამბობდა, რომ მეგი ბაქრაძეს ადრენალინის ნემსი „წამებში გაუკეთა“.

„მე მეგონა, რომ უბრალო რეაქცია მისცა, ანუ რაღაც ალერგიული რეაქცია, იმიტომ, ასეთი რაღაცა მინახია ძალიან ბევრი, ეს არის ჩვეულებრივი, შეიძლება ემოციურიც იყო, ემოციური ბავშვიც იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია. არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ, რომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს იყო ანაფილაქსიის მაჩვენებელი“, – წერია ვიოლეტა ინასარიძის შეცვლილ ჩვენებაში.

ბრალდებულმა ექიმმა 7 აპრილს კლინიკა ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მისმა ადვოკატმა კი განაცხადა, რომ მეგი ბაქრაძეს ადრენალინი დროულად ბექა ლიპარტელიანმა გაუკეთა. ადვოკატის თქმით, ექიმმა სტრესისა და ნერვიულობის გამო იცრუა. 

ვიოლეტა ინასარიძეს, ბექა ლიპარტელიანს და თეა გზირიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც გულისხმობს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას, რაც გამოიხატა გამოძიების დროს ცრუ ინფორმაციის მიწოდებით გამოიხატა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

27 წლის მეგი ბაქრაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ აიცრა. ვაქცინის გაკეთებიდან დაახლოებით 30 წუთში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და კომაში ჩავარდა. მეგი ბაქრაძე კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ვაქცინაციიდან დაახლოებით 24 საათში გარდაიცვალა. ექთნის სიკვდილის სავარაუდო მიზეზად ანაფილაქსიური შოკი განიხილება.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. საკითხს სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]