დაშავდა ასობით ადამიანი და დაიღუპა 21 დემონსტრანტი: აზა ადამია 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი 16 წლის; ნატო გიორგაძე 23 წლის; თამუნა დოლიძე 28 წლის; თინა ენუქიძე 70 წლის; ნინო თოიძე 25 წლის; ზაირა კიკვიძე 61 წლის; მანანა ლოლაძე 33 წლის; თამარ მამულიშვილი 50 წლის; ვენერა მეტრეველი; მამუკა ნოზაძე 22 წლის; ნანა სამარგულიანი 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი; მარინა ჭყონია-სამარგულიანი 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი 25 წლის; თამარ ჭოველიძე 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილ, 40 წლის; მზია ჯინჭარაძე 43 წლის; მანანა მელქაძე 23 წლის; გია ქარსელაძე 25 წლის.
2 წლის შემდეგ, საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
1993 წელს, საქართველოს პარლამენტმა 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღედ გამოაცხადა.
„საქართველოს უახლეს ისტორიაში დიდია ცხრა აპრილის მნიშვნელობა. ამ დღეს ქართველმა ერმა ერთხმად და თამამად გამოხატა თავისი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ, ამ დღეს დაიღვარა სამშობლოსათვის თავგანწირულ მამულიშვილთა უმანკო სისხლი და ამ დღესვე აღდგენილ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ამდენად ეს დღე არა მარტო ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლოა, არამედ საქართველოს ერთიანობისა და წინსვლის დღეც არის“, – ნათქვამია პარლამენტის დადგენილებაში.
9 აპრილი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.