საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია 12 აპრილიდან დაიწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ გაივლის.
ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე.
დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
საშუალო სკოლა დამთავრებული; სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი; ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
საქართველოს მოქალაქე; ასაკი: 25-დან 45 წლამდე; სიმაღლე: არანაკლებ 1.5 მეტრი. წონა: არანაკლებ 45 კგ; ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი; ნასამართლობის არ მქონე; ისრაელში მუშაობის ისტორიის არ მქონე; არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ; არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;
კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა, რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში;
კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.
„ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა 1000-მდე ქართველისთვის ჩამოვიდეს და იმუშაოს ისრაელში. აღნიშნული წარმოადგენს ისრაელში საქმიანობის შედარებით ახალ მიმართულებას და ჩვენ განსაკუთრებულად დიდი სიფრთხილით მივუდექით იმ საკითხს, თუ რომელი ქვეყნებისთვის, რომელი მთავრობებისთვის მიგვემართა. ამ ეტაპისთვის შერჩეულია მხოლოდ ორი ქვეყანა, მათ შორის ერთ-ერთი არის საქართველო“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორიმ.
ელჩის თქმით, ისინი მაღალ შეფასებას აძლევენ იმ საკვალიფიკაციო და პროფესიონალურ მომზადებას, რომელსაც აღნიშნული სპეციალისტები საქართველოში გადიან.
„დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში ჰქონდეთ ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობა და საშუალება. ჩვენ ისრაელთან ხელმოწერილი ხელშეკრულების განხორციელებას ვიწყებთ ორშაბათიდან, რომლის ფარგლებშიც შინ მოვლის სპეციალისტებს ექნებათ საშუალება ისრაელში დასაქმდნენ 1 წლის განმავლობაში შესაბამისი ანაზღაურებით“, - აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.
მისივე თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საზღვარგარეთ დასაქმების სურვილი, ჰქონდეთ შესაძლებლობა ლეგალურად დასაქმდნენ, არ დარჩნენ არალეგალურად და მათი შრომითი უფლებები დაცული იყოს იმ ქვეყანაში, სადაც მუშაობენ.