„გვაქვს გარკვეული გეგმები ახლა, ვემზადებით ფართომასშტაბიანი აქციისთვის, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემის ერთადერთი გადაწყვეტა არის ჩვენი სიმრავლე; სიმრავლე. ისინი ფიქრობენ, რეპრესიები არის ბოლო გზა, რაც აქვთ, რომ ამ ადამიანებთან ეს საკითხი მოაგვარონ და ჩვენ მათ ამის უფლება არ უნდა მივცეთ.
ჯერჯერობით თარიღი არ გვითქვამს. როგორც კი დავაანონსებთ აქციას, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ამ აქციაზე ვიყოთ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ბოლოს ვიყავით ქუთაისში. კიდევ ერთხელ ვამბობ - ჩვენი ერთობა გადამწვეტია ამ ბრძოლაში.
როგორც კი დინამიკა მოგვიტანს იმას, რომ უნდა ჩავატაროთ ეს აქცია, აუცილებლად ჩატარდება და მოგიწოდებთ ყველას, ვიყოთ მზად ამ პროცესებისთვის“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
მისივე თქმით, არაფერი მთავრდება იმით, რომ ახლა რიონის ხეობაში ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ამ ხეობაში ასეთი მომენტები არაერთი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი გადაილახა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ მართალნი ვართ მთელ ამ პროცესში“, – თქვა გოლეთიანმა.
მან რიონის ხეობაში სახალხო დამცველის გუშინდელ ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიზიტის მიზეზი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლების – გადაადგილების თავისუფლების ხელყოფა გახდა.
„საინტერესოა, რა აისახება მის ანგარიშში, რადგან ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა - ასე მასშტაბურად, უბრალოდ, პოლიცია რაღაც ბლოკპოსტს ქმნიდეს. ადამიანებს გაუჩნდათ იმის განცდა, თითქოს უცხო ქვეყნის საზღვარს კვეთენ. ხალხს, რომელიც აქამდე თავის სახლში ჩვეულებრივ ცხოვრობდა და საჭიროებებისთვის გადაადგილდებოდა ქალაქის მიმართულებით, დღეს ეს უმიზეზოდ აქვს შეზღუდული. ამას ყველასგან უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეგირება.
ჩვენთან მიმართებაში პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებას გაცხადებული პოლიტიკა აქვს - რეპრესიულად გვისწორდება და პირდაპირი დაშინების გზით იმიტომ, რომ უნდათ, ადამიანებში ჩანერგონ შიში, რომ ადგილობრივ მოახლეობას შორის დაპირისპირება გაჩნდეს.
ხალხს მართლაც სერიოზული პრობლემა შეექმნა. აქ მყოფ ადამიანებს ისედაც გაჭირვებული ცხოვრება აქვთ და კიდევ გადაადგილების პრობლემა ნამდვილად ზედმეტია მათთვის. ეს გამოიწვევს იმას, რომ ადგილობრივ მოსახლეობას შორის უკმაყოფილება მოხდება. მათ შორის, ვინც არ არის ამ პროტესტში ჩართული და ვინც ჩართულია, მოხდება რაღაცის დაბრალება. ეს უნდა ხელისუფლებასაც, რომ ისევ ამ ადამიანებს შორის გაჩნდეს შუღლი და დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ნუ წამოვეგებით ხელისუფლების მიერ გადმოგდებულ ანკესზე“, – ამბობს გოლეთიანი.
ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანიამ, შპს „ენკა რინიუებლზმა“ ჰესის სამშენებლო სამუშაოები 3 აპრილს, საპოლიციო ძალების მობილიზებით, ადგილობრივების პროტესტის ფონზე განაახლა. სოფელ ნამახვანში, იქ სადაც აქტივისტებს კარვები აქვთ გაშლილი, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების შეკრებას ხელი რომ შეშლოდა, პოლიციამ გზა ორივე მხრიდან, გუმათსა და ქორენიშში ჩაკეტა. ჩახშობილი იყო ინტერნეტის სიგნალიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოების მიზნით ჰქონდათ შეზღუდული. ამასთან, უწყებამ უარყო, რომ ინტერნეტის სიგნალს ახშობდნენ.
4 აპრილს რიონის ხეობის სოფლებში ათასამდე პოლიციელი და სპეცრაზმი იყო მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლის მანქანაც შეიყვანა, რომელსაც აქციების დაშლის დროს იყენებენ. გუმათიდან ნამოხვანის მიმართულებით ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები არ გაუშვეს, რის გამოც მათ კარავი გუმათშიც დადგეს და იქ იმყოფებიან. სახალხო დამცველის, ნინო ლოჯარიას შეფასებით, გადაადგილების შეზღუდვა პოლიციის მიერ გამოყენებული არაპროპორციული ღონისძიებაა და მისი საჭიროება მას ვერც გუმათში მყოფმა პოლიციელებმა დაუსაბუთეს.