weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ნამოხვანში ჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე მდინარეში გადახტა

20:50 შაბათი, 10 აპრილი 2021

[რედაქციის გადაწყვეტილებით, მასალა შესწორებულია] წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ადიდებულ მდინარე რიონში გადახტა. 

როგორც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტებმა „რეგინფოს“ უთხრეს, მამაკაცი მეგობართან ერთად, ნამოხვანში, სავარაუდოდ, გუშინ, თბილისიდან ჩავიდა და კარავში მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. ამიტომ, აქტივისტები მას კარგად არ იცნობდნენ. დაახლოებით ერთი საათის წინ, მამაკაცმა თავისი ტელეფონი მდინარის პირას მყოფ ერთ-ერთ აქტივისტს მიაწოდა და დაუბარა, რომ ტელეფონი მისი მეგობრისთვის მიეცათ, რის შემდეგაც წყალში გადახტა.

მდინარე რიონი ადიდებულია. იქვე მყოფებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა სცადეს, მაგრამ თვითმხილველების თქმით, მამაკაცი მდინარის სიღრმისკენ მიცურავდა, ბოლოს კი დინებამ წაიღო. 

უცნობია, როგორ მოახერხეს თბილისიდან ჩასულმა პირებმა ნამოხვანში შეღწევა, რადგან ერთი კვირაა პოლიციას ჩაკეტილი აქვს რიონის ხეობაში შესასვლელები როგორც ქუთაისის, ასევე, ცაგერის მხრიდან და გადაადგილების უფლებას მხოლოდ ჟურნალისტებსა და იმ ადგილობრივ მცხოვრებლებს აძლევენ, ვინც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობას მხარს არ უჭერენ.

ამ თემაზე: ნამოხვანის ბლოკადა

„რეგინფო“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, როგორ მოახერხეს აღნიშნულმა პირებმა ნამოხვანში შესვლა და დაიწყო თუ არა გამოძიება.

21:15 - შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. 

21:18 - მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელის ვარლამ გოლეთიანის თქმით, ის დღეს თბილისში იმყოფებოდა რამდენიმე აქტივისტთან ერთად, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „რეალურ სივრცეში“ მიიღეს მონაწილეობა.

21:28 - ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მაკა სულაძის ინფორმაციით, კარავში „რეალურ სივრცეს“ უყურებდნენ, რა დროსაც ყვირილი გაიგეს. „ყველანი გარეთ გავვარდით. ბიჭი მდინარეში იყო გადამხტარი. მიშველებას ცდილობდნენ, თოკიც გადააგდეს, წყალშიც ჩახტნენ, მაგრამ თითქოს საპირისპირო მხარეს მიცურავდა. ყვირილზე პოლიციელებიც მოვიდნენ მაშინვე. აქ იყვნენ, გზაზე დგანან. ვერაფერი ვუშველეთ. ვისთან ერთადაც ის ნამოხვანში ჩამოვიდა, ის ბიჭი პოლიციელებს ჰყავთ მომხდარის შემდეგ. მასთან გასაუბრების შესაძლებლობა ჯერ არ მოგვცემია“.

22:10 - სოფელ ნამოხვანში მაშველებმა სამძებრო სამუშაოები მხედველობის არქონის გამო შეწყვიტეს. ძებნას დილით განაახლებენ. ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. „რეგინფოსთვის“ ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია, მაგრამ არ ვამჟღავნებთ, რადგან მომხდარის შესახებ ოჯახის წევრებისთვის ცნობილი არ არის.

22:34 - შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, რომ წყალტუბოს პოლიციის სამმართველომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

11 აპრილი

10:02 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცის საძიებო სამუშაოები დილიდან განაახლა. პროცესში ჩართეს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 6 მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით ახდენენ. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით. სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მოეწყო სპეციალური საველე შტაბი, რომელსაც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს.

10:30 - მაკა სულაძის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, პოლიციას გვიან ღამით გამოკითხვაზე ჰყავდა კარვებში მყოფი სამი აქტივისტი, მათ შორის, იმ მამაკაცის მეგობარი, ვისთან ერთადაც, 3 დღის წინ, ის თბილისიდან ნამოხვანში ჩავიდა და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს შეუერთდა.

„როგორც დაკარგული ბიჭის მეგობარმა გვიამბო, რიონის ხეობაში ქუთაისის მხრიდან შემოვიდნენ. როცა პოლიციელებს გაუჩერებიათ, ახალგაზრდებს უთქვამთ, რომ ლეჩხუმში მეგობრის დაბადების დღეზე მიდიოდნენ და გამოუშვიათ.

კი იცით თქვენ, რა დღეშიც ვართ. სოფელ მექვენადან, რომელიც ამ ხეობაშია, ნამოხვანამდე რომ მოვიდე, სამგზავრო მარშუტკაში უკან მიწევს დამალვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ნასვამი იყო, როცა ის რიონში გადახტა. კარავში დამრჩენთათვის საერთო წესები მოქმედებს, რომლის თანახმადაც კარვების ტერიტორიაზე ყველანაირი ალკოჰოლის მიღება აკრძალულია“.

რედაქციის განმარტება:

მასალის სათაური და პირველი აბზაცი შეცვლილია. თავდაპირველად, არაერთ თვითმხილველზე დაყრდნობით ეწერა, რომ მამაკაცმა თავი მოიკლა, თუმცა რადგან ჯერ ნაპოვნი არ არის და შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, საძიებო სამუშაოები ისევ გრძელდება, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ შესწორება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]