შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით უზრუნველყო ერთ-ერთი მოქალაქის უკანონო დაკავება.
შალვა ზამბახიძის შესახებ რეპორტაჟი დღეს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა. რეპორტაჟის მიხედვით, შალვა ზამბახიძემ ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველთან, მეუფე იობთან დაპირისპირებული ბერი იონა გამოგონილი ბრალდებით, იარაღის უკანონო-შენახვისთვის დააკავა.
სიუჟეტის თანახმად, ბერს შეიარაღებული სულიერი ძმები ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ, იმის გამო, რომ ის „სამღვდელოების მანკიერ მხარეებს“ დაუპირისპირდა და მეუფე იობის მიერ ფსიქოტროპული აფთიაქების მფარველობაზე საუბრობდა.
ტელეკომპანიის ცნობით, ბერის დაკავების გადაწყვეტილება მეუფე იობმა მიიღო, რის შემდეგაც მას პოლიციის მაღალჩინოსანმა დაურეკა და შესთავაზა, სამი ვითომ ჩადენილი დანაშაულიდან ერთი აერჩია. რეპორტაჟის ავტორი ამბობს, რომ თუ ბერი ამ სცენარს არ დათანხმდებოდა, დაემუქრნენ, რომ ან მოკლავდნენ, ან მძიმე ბრალდებით დააკავებდნენ.
„მთავარი არხის“ ცნობით, ბერი იონას სამართალდამცველებთან შეთანხმებით მეორედ დააკავეს, პირველი შემთხვევა კი სამი წლის წინ იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შალვა ზამბახიძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე და 332-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.