weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

ენგურში დაღუპულთა შვილებისთვის ოჯახის ახლობლები დახმარებას ითხოვენ

23:06 შაბათი, 10 აპრილი 2021

მდინარე ენგურში დაღუპული ელგუჯა გვალიას ძმა ობლად დარჩენილი ბავშვებისთვის დახმარებას ითხოვს. მისი თქმით, მცირეწლოვანი ძმისშვილი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გადმოიყვანოს. იგი ასევე მხარდაჭერას ითხოვს 2 პატარა ბავშვისთვის, რომელთა დედა თამუნა ცატავა 6 აპრილს მდინარე ენგურში დაიხრჩო.

დაღუპულთა ოჯახის წევრები, ოკუპირებული აფხაზეთიდან, ენგურის ხიდზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტით გადმოსვლისას, 5 დღიანი კარანტინის გაუქმებასაც ითხოვენ.

კოვიდპანდემიის რეგულაციებიდან გამომდინარე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ამ წესს დღემდე ძალაში ტოვებს. სავალდებულო კარანტინია ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოკუპირებული გალის რაიონიდან ზუგდიდის რაიონში მოხვედრას, საკვების, მედიკამენტების შესაძენად თუ პენსიის ასაღებად, ასობით ადამიანი შემოვლითი, სიცოცხლისთვის სახიფათო გზებით ცდილობს.

6 აპრილს, მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაღუპული 29 წლის თამუნა ცატავას, 39 წლის მაყვალა გამისონიას, 47 წლის ელგუჯა გვალიას და 61 წლის თამაზ ბასლანძის ხსოვნის საპატივსაცემოდ, საქართველოში 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა. გარდაცვლილები გალში გადაასვენეს.

„ჩემს ძმას 2 სრულწლოვანი შვილი ჰყავს და დარჩა კიდევ ერთი - 7 წლის. ამ ბავშვს უნდა ახლა მოვლა იმიტომ, რომ იქ გაუსაძლისი მდგომარეობაა. ბავშვს არც საბუთები აქვს, ქართულიც არ იცის, რადგან იქ ყველაფერი რუსულადაა. აქეთ არც სახლი აქვს და არც არაფერი. ვთხოვ ყველას, რაღაც გაკეთდეს, რომ ამ ბავშვს დავეხმაროთ“, - უთხრა „მთავარ არხს“ ელგუჯა გვალიას ძმამ, ზუგდიდში მცხოვრებმა ნუგზარ გვალიამ.

მისივე თქმით, თამუნა ცატავა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 7 წლის შვილისთვის საბუთების მოსაწესრიგებლად მოდიოდა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს.

„ჩემს ბიძაშვილს ჰყავს 2 ბავშვი, 3 და 7 წლის. ერთ ბავშვს ოპერაცია აქვს გასაკეთებელი, თურქეთში უნდა გადაეყვანათ. დედა გადმოდიოდა იმიტომ, რომ საბუთები მოეგვარებინა.

ჩემს ძმას შვილიშვილი შეეძინა, საჩუქრები უნდა ეყიდა მათთვის, აკვანი და რაღაცეები უნდა შეეტანათ აქედან, იქ არ იყიდება. ასაკოვანი კაცი პენსიის ასაღებად მოდიოდა. წამოვიდნენ 6-ში საღამოს, მოვიდნენ თაგილონში, გადმოსვლას აპირებდნენ, წვიმაც დაიწყო, ესენი მოხვდნენ გამოშვებული ენგურის წყალში. ჩაიტანა ოთხივე. არცერთი არ გადარჩა“ - ამბობს ნუგზარ გვალია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს 4 მოქალაქის მდინარე ენგურში დაღუპვას დღეს გამოეხმაურა. მინისტრს 5 დღიანი კარანტინის გაუქმებაზე განცხადება არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ რუსული ოკუპაცია და მისი თანმდევი ადამიანური ტრაგედიები, გაყოფილი ოჯახები, ხელოვნურად დაშორებული საზოგადოებები უკვე მრავალი წელია თითოეული მოქალაქის ტრაგედია და უდიდესი ტკივილია.

მდინარე ენგურმა ოთხი ცხედარი 7 აპრილს გამორიყა. ისინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალში ცხოვრობდნენ. 6 აპრილს, გამთენიისას, ზუგდიდის რაიონში გადმოსვლას ე.წ. გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ, თუმცა მდინარეში შესვლის შემდეგ წყალი მოულოდნელად ადიდდა და ოთხივე მათგანი დაიღუპა.

 

ამ თემაზე:

ენგურის გადალახვა სიცოცხლის ფასად - ოთხი მსხვერპლი გალიდან

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]