მირზა ნოზაძის განცხადებით, აქციის მონაწილეები მზად არიან პოლიციასთან ითანამშრომლონ, რათა სოფელ ნამოხვანში პროტესტი მშვიდობიან ფორმატში გააგრძელონ, რაზეც უარს იღებენ.
„ჩვენ ვართ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, ჩვენი სულისკვეთება არის მშვიდობიანი აქცია და მოვუწოდებთ პოლიციას, მზად ვართ მათთან ვითანამშრომლოთ, რათა ვმართოთ ეს პროცესი მშვიდობიან ფორმატში. ჩვენ მშვიდობიან ფორმატში აქციისთვის მოვითხოვთ დაგვიშვან ნამახვანზე. კონსტიტუცია და კანონმდებლობის არცერთი ჩანაწერი არ იძლევა იმის განმარტებას, რომ რომელიღაც ნაკვეთზე და ტერიტორიაზე, სოფელში ან რაიონში, არ შეგიძლია პროტესტის მოწყობა და სხვა ადგილზე შეგიძლია.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სოფელში, ქალაქში შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენთვის კონსტიტუციის მონიჭებული უფლება, რომ გამოვთქვათ ჩვენი აზრი, დავსვათ კითხვები და პროტესტი წარვმართოთ მშვიდობიან ფორმატში. ჩვენ ამას ვაკეთებდით ნამოხვანში და ამას ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა ჩვენთვის, პროტესტის ავტორებისთვის. მოვითხოვთ, რომ შეზღუდონ უკანონო ზეწოლა ჩვენზე, პროტესტის მონაწილეებსა და ორგანიზატორებზე, დაგვიშვან ნამოხვანში, სადაც მშვიდობიანად გავაგრძელებთ პროტესტს“, – განაცხადა ნოზაძემ.
დღეს, სოფელ ნამოხვანში სამართალდამცველებმა აიღეს კარვები, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ღამეს ათევდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ გადაწყვეტილების საფუძვლად მდინარე რიონის მოსალოდნელი ადიდება და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის საფრთხე დაასახელა, თუმცა აქტივისტები აცხადებენ, რომ მდინარე კარვებს საფრთხეს არ შეუქმნიდა. ამასთან, შსს-ს წარმომადგენლები რიონის ხეობაში არ შეუშვეს საპროტესტო მოძრაობის ლიდერებს, რომლებმაც სოფელ გუმათში პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს და მთელი ღამის განმავლობაში იქ აპირებენ დარჩენას. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან თამაზაშვილმა გუმათში შეკრებილებს გზის გასახსნელად ნახევარი საათი მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, „პროპორციული ძალის“ გამოყენების თაობაზე გააფრთხილა.
„კარვების აღების ის მიზეზი, რაც დღეს შსს-მ გაავრცელა, რომ მდინარე ადიდდება და ყველას წაგვლეკავს, არასწორი არგუმენტია. ჩვენც კარგად ვიცით და პოლიციამაც, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. იმ ტერიტორიაზე რიონი არ ამოდის და შესაძლებელია, რომ ჩვეულებრივ, უსაფრთხოდ გაგრძელდეს ჩვენი პროტესტი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
გოლეთიანმა ხელისუფლებას მოუწოდა, პროცესები არ შეიყვანოს გამოუვალ მდგომარეობაში და მშვიდობიანად მოაგვაროს პროტესტი.