weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა „ენკას“ ოფისთან გზა გადაკეტეს

18:19 სამშაბათი, 13 აპრილი 2021

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანიის „ენკა რინიუებლზის“ ოფისთან გზა გადაკეტეს. როგორც საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, გზა გადაკეტილი ექნებათ მანამ, ვიდრე პოლიცია მათ არ მისცემს საშუალებას, ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილდნენ და იქ განაგრძონ მშვიდობიანი პროტესტი.

ამასთან, გოლეთიანმა აღნიშნა, რომ გზა გადაკეტილია კომპანიის თანამშრომლებისთვის, მათი ტექნიკისთვის და არა მოსახლეობისთვის.

„კომპანიის მანქანებს არ გავატარებთ. აქედან შეგვიძლია შევაჩეროთ სამუშაოები ნამოხვანში“, – მიმართა აქციის მონაწილეებს ვარლამ გოლეთიანმა.

ვიდრე აქციის მონაწილეები „ენკას“ ოფისის ბლოკირებას მოხდენდნენ, გუმათში პოლიციის მიერ მოწყობილ ბლოკპოსტთან მივიდნენ და პოლიციისგან მოითხოვეს განმარტება, თუ რის საფუძველზე ეკრძალებათ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილება. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა გადაადგილების შეზღუდვის ორი მიზეზი დაასახელა:

„ამის ლეგიტიმაციას „პოლიციის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლი გვაძლევს. არსებობს არაერთი გარემოება, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რომ ჩვენი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახური სრულად არის მობილიზებული ხეობაში და ამ დრომდე ეძებენ ნიკოლოზ ანთიძეს. ასევე, ხეობაში არსებული ამჟამინდელი მდომარეობიდან გამომდინარე, პოლიცია ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და დროებით, ზემოთ აღნიშნული მუხლის საფუძველზე, ვზღუდავთ იქ შესვლას“, – განაცხადა პოლიციის უფროსმა.

ასევე, სულხან თამაზაშვილმა თქვა, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს პოლიცია არ უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას: „პოლიცია ამ მიმართულებით მოწოდების სიმაღლეზეა. თქვენ შეგიძლიათ აქ გააგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი, ოღონდ გუშინდელი სურათი, რაც იყო მოწოლა პოლიციელებზე და აგრესია, იქნებ უარი თქვათ“.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში 3 აპრილიდან არ უშვებენ.

 

ამ თემაზე:

ნამოხვანის ბლოკადა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]