weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„ენკას“ საწყობთან ვითარება დაიძაბა, დაკავებულია აქციის 6 მონაწილე

23:20 სამშაბათი, 13 აპრილი 2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ საწყობთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ვითარება დაიძაბა. როგორც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებმა კომპანიის ავტომობილებს გავლის საშუალება არ მისცეს. პოლიციამ აქციის 6 მონაწილე დააკავა. 

აქტივისტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დაინახეს, როგორ ცემდნენ დაკავებულებს პოლიციის თანამშრომლები. 

„რეგინფო“ ინფორმაციის დასაზუსტებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, შსს-დან ნამახვანჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, სულ უფრო ჭირს ინფორმაციის სწრაფად მიღება. 

„ჩვენ დღეს ვთქვით, რომ კომპანიის მანქანებს არ გავატარებდით. ამიტომ, ბიჭები ხელებაწეულნი დახვდნენ გზაზე.

სპეცრაზმი პირდაპირ გადმოვიდა ჩვენი თანამებრძოლების დარბევაზე. ადამიანები მიახეთქეს მანქანებზე. ცეცხლში, რომელიც ანთებული გვქონდა გასათბობად, ლამის ჩაცვივდენენ ადამიანები.

ერთ-ერთი ცეცხლზე დაეცა და წამოვაყენეთ, ახლოს რომ არ ვყოფილიყავით, არ ვიცი რა მოხდებოდა. როგორც ვიცი, ათი ადამიანია დაკავებული“, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

ჯერჯერობით გაურკვეველია ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. ვითარების დაძაბვის შემდეგ ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა მივიდა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა სოფელ გუმათში, „ენკა რინიუებლზის“ ბაზასთან გზა დღეს, 13 აპრილს, საღამოს გადაკეტეს, კომპანიის ავტომობილების გადაადგილების ბლოკირების მიზნით. აქციის მონაწილეების თქმით, გზას მანამდე არ გახსნიდნენ, ვიდრე პოლიცია მათ ნამოხვანში შესვლისა და მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების საშუალებას არ მისცემდა. აქციაზე ვითარების დაძაბვის შემდეგ, ვარლამ გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ხელები აეწიათ და უკან დაეხიათ – „დამშვიდდით, უკან დაიხიეთ! ხვალ გავაგრძელებთ, დღეს ვიხევთ უკან“. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათში, პოლიციის ბლოკპოსტის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.

სამინისტრომ განცხადება მოგვიანებით გაავრცელა: 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სოფელ გუმათში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 6 პირი დააკავეს. “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის. აქციის მონაწილეთა მხრიდან არაერთხელ გაცხადდა, რომ მათი შეკრების მიზანი კომპანია „ენკას“ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა იყო. მიუხედავად პოლიციის მიერ არაერთი გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეებმა არ გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, რის შემდეგაც პოლიციამ გამოიყენა იძულების პროპორციული ღონისძიებები. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრებისას დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]