„შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა.
ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს.
დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას. პატივისცემით მივმართავთ ყველა მხარეს და ვთხოვთ, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას“, – აცხადებენ საპატრიარქოში.
რიონის ხეობის მცხოვრებლები თითქმის ექვსი თვეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობას და ითხოვენ, რომ ამ პროექტზე უარი ითქვას და აღარ განხორციელდეს. წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიციის დახმარებით კომპანიამ ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხეობიდან გააძევეს პროტესტის მონაწილეები, აიღეს მათი კარვები, პროტესტის ადგილი კი ისე გადათხარეს, რომ იქ შეკრება შეუძლებელია. მოქალაქეები რამდენიმე დღეა ხეობის შესასვლელში, სოფელ გუმათში მოწყობილ პოლიციის ბლოკპოსტთან დგანან და უშედეგოდ ითხოვენ ნამოხვანისკენ გადაადგილებას. დღეს პოლიციამ მათ წინ რკინის კედელიც აღმართა.