weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თუ ხელშეკრულებაში არაფერია პრობლემური, მაშინ ახსნან – მეუფე სტეფანე ნამახვანჰესზე

21:58 პარასკევი, 16 აპრილი 2021

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი) განცხადებით, პასუხისმგებელმა პირებმა ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს პასუხი უნდა გასცენ.

რონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს მიტროპოლიტი 14 აპრილს, ქადაგებისას გამოეხმაურა.

„ზოგს ჰგონია, ახლა, აქ რაღაც საკითხებს რომ ვწყვეტ და ხანდახან პრობლემებში ვარ, თითქოს არაფერი აღარ მაინტერესებს, რა ხდება. იყო შეთანხმება დიალოგისთვის, რომელიც არ განხორციელდა და ალბათ საჭიროა, რომ რაღაც გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს დიალოგი მოხდეს პასუხისმგებელ პირებთან, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, ყველა კითხვაზე გასცენ პასუხი და არა მხოლოდ ექსპერტებთან, იმიტომ, რომ საკითხი დგას ხელშეკრულებასთან მიმართებაში, რომელიც არის პრობლემური, როგორც აღმოჩნდა.

თუ სიმართლეა, ვთქვათ და არაფერი პრობლემური არ არის ამ ხელშეკრულებაში, მაშინ რა პრობლემაა, დადგნენ პასუხისმგებელი პირები და ახსნან, ეს ასეა, ეს – ისეა და არანაირი პრობლემა აღარ იქნება, დასრულდება ეს პროცესი.

რად უნდა იქ ან გზების გადაკეტვა, ან რაღაც კორდონების მოწყობა, ან რაღაც ძალისმიერი მეთოდებით გაჩუმება, ეს ხომ არ გაჩერდება?!“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მეუფე სტეფანემ იმედი გამოთქვა, რომ საკითხი ძალისმიერი მეთოდებით არ გადაიჭრება.

„ძალისმიერი მეთოდი არის ჩიხი ამ შემთხვევაში. ეს არ არის, ასე ვთქვათ, უსამართლო ძალა, რომლის აღკვეთაა აუცილებელი, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სწორად აყენებენ საკითხს და არ არის იოლი პასუხების გაცემა, მაგრამ აუცილებელია პასუხების გაცემა. ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნებოდა, მოხერხდეს ამ კითხვების და პასუხების საჯარო განხილვა და საბოლოოდ დამშვიდდეს მოსახლეობა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აღარ იყოს ასეთი მუდმივი დაძაბულობა“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

გუშინ, 15 აპრილს, რიონის ხეობაში ნამახვანჰესის პროექტის განხორციელების მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გამართა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ჩავიდა და პროტესტის მონაწილეებს შეხვედრა შესთავაზა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის გუბერნატორები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც რიონის ხეობაში ვითარება დაიძაბა – 3 აპრილს, ინვესტორმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ საპოლიციო ძალების მობილიზებით, სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა, იმავე დღეს პოლიციამ ბლოკპოსტი მოაწყო სოფელ გუმათში და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილება შეუზღუდა. 11 აპრილს პოლიციამ ნამოხვანში გაშლილი კარვებიც დაშალა, პროტესტის მონაწილეები კი გამოაძევა. მომდევნო დღეს ინვესტორი კომპანიის ტექნიკამ კარვების ტერიტორია გადათხარა. 14 აპრილს პოლიციამ სოფელ გუმათში, ბლოკპოსტთან რკინის კედელიც აღმართა.

გუშინდელ შეხვედრაზე მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმომადგენლებმა ხელისუფლებას დიალოგის დასაწყებად სამი პირობა წაუყენეს, ესენია: ხეობიდან პოლიციის გამოყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება, ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა, აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემთხვევაში დაიწყება დიალოგი, სადაც ხელშეკრულების და მიწების გადაცემის საკითხებზე იმსჯელებენ. მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ პირობების განხილვისა და პასუხის გასაცემად რამდენიმე დღე დასჭირდებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]