weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მივცემ“ – მეუფე პანსიონში სახალხო დამცველის აპარატის არ შეშვებაზე

15:29 შაბათი, 17 აპრილი 2021

სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს მისი მოთხოვნით არ უშვებენ ნინოწმინდაში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში.

მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დღეს საგანგებო ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა. სასულიერო პირი ავრცელებს არაზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს სახალხო დამცველის აპარატი, რომელსაც ნინო ლომჯარია ხელმძღვანელობს, საქართველოში ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების დაკანონებას ითხოვს.

„მოსულები იყვნენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელები და ჩემი კურთხევა ასეთია, რომ ისინი არ იქნენ იქ შეშვებული. რატომ? იმიტომ არ შეუშვეს, რომ ეს არის ხალხი, რომელიც ოფიციალურად ითხოვს ერთსქესიანთა ქორწნების დაკანონებას. ჩემი პირადი აზრია, რომ მაგ ხალხის შეშვება ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში არ შეიძლება, წაბილწავენ იქაურობას, აი ამიტომ. იმ ბავშვების სული მე მაბარია, იმ ბავშვებზე მე ვარ პასუხისმგებელი ღვთის წინაშე და ვთვლი, რომ იმ დაწესებულების შეშვება ბავშვთა სახლში და ბავშვებთან მიშვება არის უმძიმესი დანაშაული და იმ სიწმინდის აბილწვა, რომელიც იქ ტრიალებს. იქ ორი ეკლესიაა და თითქმის ყოველდღიური წირვებია.

ამდენი ბავშვები იზრდებიან უკვე 17 წელიწადია იქ. ისინი ჩემი შვილები არიან და ამ წაბილწულ და გარყვნილ ხალხს საჯიჯგნად ვერ მივცემ“, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

სასულიერო პირმა ცილისწამება და უაზრო სისულელე უწოდა სახალხო დამცველის განცხადებას იმის შესახებ, რომ პანსიონში მყოფი არასწრულწლოვნები სოციუმიდან იზოლირებულები არიან.

„ნინოწმინდაში ქართული სკოლა არ იყო და ამ ბავშვების ბაზაზე დაარსდა ქართული სკოლა. ჩვენი პანსიონატის ბაზაზეა საჯარო სკოლა. ბავშვები ყოველ დღე დადიან სკოლაში, ყოველ დღე გადიან გარეთ და თამაშობენ. როგორ არ არიან სოციუმში? ექსკურსიებზე დადიან. წელიწადში ორჯერ არის ნინოობის დღესასაწული – იანვარში და 1 ივნისს, როცა ბავშვთა დღეც არის. ორივეჯერ არის ჩვენი პანსიონატის დღესასწაული, მთელი საქართველოდან მოდიან სტუმრები“, – განაცხადა სასულიერო პირმა.

რაც შეეხება პანსიონში სოციალური მუშაკების არ შეშვებას, რაზეც სახალხო დამცველის აპარატი მიუთითებდა, მეუფე სპირიდონის თქმით, ესეც ცილისწამებაა.

„როცა უნდა მაშინ მოდის სოცმუშაკი, ტელეფონზე თითქმის ყოველ დღე რეკავს. ახლა პანდემია რომ იყო, შესაძლოა იმიტომ იკავებდა თავს მოსვლისგან“, – აღნიშნა მეუფე სპირიდონმა.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, მათ წარმომადგენლებს პანსიონში მონიტორინგის გაანხორციელება სურდათ, თუმცა 15 აპრილს იქ არ შეუშვეს. უწყების ცნობით, მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელიც იქ 2020 წლის ივნისის შემდეგ აღარ ყოფილა.

„სააგენტოს მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ოფიციალურ კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონში სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია, რაც ადგილზე სოციალურმა მუშაკმაც დაადასტურა“, – აცხადებს სახალხო დამცვლი.

ამჟამად პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა გამოკვეთა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები, არასრულწლოვნები ფაქტობრივად იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]