დღევანდელ პროცესს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მარიტა მუსელიანი ესწრებოდნენ, რომლებიც ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ. „ენკა რინიუბლზის“ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო ამ საქმეზე პროცესი 10 მარტს ერთხელ უკვე გადაიდო.
„კომპანია „ენკა რინიუებლზის“ წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა და სასამართლოსთვის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი არც რაიმე სახის დოკუმენტი არ წარუდგენია. სასამართლო პროცესზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მიუთითა შპს „ენკა რინიუებლზის“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შესახებ და წარადგინა შესაბამისი მტკიცებულება“, – აცხადებს საია.
მაგისტრატი სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას 28 აპრილს, 12:00 საათზე გამოაცხადებს.
„ენკა რინიუებლზის“ მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმით ირკვევა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2020 წლის 16 ოქტომბერს დაათვალიერეს ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებისთვის გათვალისწინებული ტერიტორია. ინსპექტირების შედეგად დეპარტამენტმა დაადგინა, რომ კომპანიას არა აქვს შესრულებული როგორც ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის N2-191 ბრძანების საფუძველზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული თხუთმეტი პირობა. თხუთმეტივე პირობის შესრულება მშენებლობის დაწყებამდე იყო სავალდებულო.
18 იანვარს, ანუ ინსპექტირებიდან სამი თვის შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა „ენკა რინიუებლზის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 798-ე მუხლის პირველი ნაწილით და განსახილველად სასამართლოს გადაუგზავნა. სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, „ენკა რინიუებლზი“ 5 ათასი ლარით დაჯარიმდება.
3 აპრილს, მას შემდეგ, რაც „ენკა რინიუებლზის“ დირექტორად მერაბ ლომინაძე დაინიშნა, კომპანიამ სოფელ ნამოხვანში, საპოლიციო ძალების დახმარებითა და მოქალაქეების პროტესტის ფონზე, განაახლა ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების შეწყვეტა ერთ-ერთია იმ სამი პირობიდან, რომელთა შესრულების შემთხვევაში მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელისუფლებასთან დიალოგის დასაწყებად მზად იქნება.