weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ნამახვანჰესის ენერგიის გამომუშავება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ნარმანია

16:19 პარასკევი, 23 აპრილი 2021

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გამოინახოს საერთო ენა. მისივე თქმით, „ყველაზე მთავარი ინტერესი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესი, თუ რა სჭირდება ქვეყანას, რა სჭირდება საზოგადოებას“.

„აქედან გამომდინარე, რაციონალური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მე, როგორც მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი, ვხედავ ჩვენს ქვეყანაში ენერგიის დეფიციტს და შესაბამისად, ჩვენი ენერგიის დეფიციტი ივსება იმპორტით. როცა ენერგიის დეფიციტი ივსება იმპორტით, ეს ნიშნავს, რომ სიმწრით მოგროვებული ლარებში გადახდილი ენერგიის თანხა უნდა დახურდავდეს დოლარებში, უნდა იქნას გადარიცხული. რამდენიმე ქვეყანას, საიდანაც ჩვენ ვახორციელებთ იმპორტს, ამ ქვეყნებში გაედინება ჩვენგან ვალუტა, რომელიც მაკროეკონომიკური თვალსაზრისითაც არ არის სასურველი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. აქედან გამომდინარე,

ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების განვითარება, როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების, ასევე წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, მათ შორის ნამახვანჰესის ენერგიის გამომუშავებაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, – აცხადებს ნარმანია.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას ექვსი თვეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ. პოლიციამ აქცია რამდენჯერმე დაშალა, აქტივისტებს პროტესტის ადგილის შეცვლა არაერთხელ აიძულეს, 11 აპრილს კი კარვები დაუშალეს, ნამოხვანიდან აყარეს და მას შემდეგ, რიონის ხეობაში აღარ უშვებენ. საპოლიციო ძალებს ხეობის შესასვლელ-გასასვლელი ჩაკეტილი აქვთ.

თებერვალსა და მარტში გამართული მრავალათასიანი აქციების გამო ხელისუფლება იძულებული გახდა „რიონის ხეობის მცველებისთვის“ დიალოგი შეეთავაზებინა. 15 აპრილს, საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამი მოთხოვნა დააყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, გამოთქვამენ მზადყოფნას, დიალოგი გააგრძელონ, ესენია: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა. ხელისუფლებას პასუხის ვადა დღეს, 23 აპრილს ეწურება და წესით დღეს უნდა გახდეს ცნობილი, დააკმაყოფილებს თუ არა ხელისუფლება ამ მოთხოვნებს. ხელისუფლებისგან უარის შემთხვევაში, ჰესის მოწინააღმდეგეები ქალაქების პიკეტირებას და დედაქალაქში საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]